საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 100 წლისაა

0

26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი სრულდება. 100 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს. ცესკოს ცნობით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, თბილისში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეუერთდა.
ცესკოს ორგანიზებით, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, სპეციალურ სივრცეში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შესახებ არის წარმოდგენილი ინფორმაცია. დამთვალიერებლებს საჩუქრად გადაეცემათ გამოცემა – „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“.
ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დამთვალიერებლებს ინფორმაცია დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ პირადად გააცნო.
„პირველ რიგში, მინდა თითოეულ ამომრჩეველს მივულოცო, დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით ის, რომ ჩვენ ასი წლის იუბილეს ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობიდან და ამ მოვლენაში რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია – პირველი საყოველთაო მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც ზუსტად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩატარდა საქართველოში“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ამ ინფორმაციას დიდი სიამაყით წარმოადგენს .
„მართლაც თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა იამაყოს ამ საარჩევნო ისტორიით, დამოუკიდებლობის ისტორიით, რომელიც სერიოზულ და ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებს და ღირებულებებს ეფუძნებოდა, ჯერ კიდევ 100 წლის წინ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, ეროვნული საბჭოს სახელით, ქართველ ერსა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის 1028 დღის განმავლობაში, ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა იყო პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნების გამართვა 1919 წლის თებერვალში.
1919 წლის 14-16 თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნები – საყოველთაო დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები იყო. არჩევნების ორგანიზება, საქართველოს დროებითმა საკანონმდებლო ორგანომ – პარლამენტმა (ეროვნული საბჭო), სპეციალურად არჩეულ დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიას მიანდო. საარჩევნო კომისია სრულად დაკომპლექტდა პარლამენტში არსებული ფრაქციებით. ცენტრალური საარჩევნო კომისია სულ 21 წევრით დაკომპლექტდა, მმართველ “სოციალ-დემოკრატიულ პარტიას” 8 წევრი ჰყავდა, ხოლო კომისიის 13 ადგილი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული 5 ძირითადი თანამდებობიდან 3 (2 მოადგილე და ფინანსების განმკარგავი „ხაზინადარი”) ოპოზიციურ პარტიების წევრებს ეკავათ. დაკისრებული მოვალეობები, საარჩევნო პროცესების ადმინისტრირებაში გამოუცდელობის მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით შეასრულა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედიოდა ყველა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, კომისიის 5 მთავარი თანამდებობიდან, სამს ოპოზიციური პარტიების წევრები იკავებდნენ. არჩევნებში 15 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა პარტიებიც. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნებში, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი პირველი ქალი-კანდიდატები მონაწილეობდნენ.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო ამ არჩევნების ფუნდამენტური პრინციპების და ღირებულებების ძალიან მაღალი სტანდარტი, ვინაიდან მაშინ როგორც ეთნიკური წარმომადგენლობითობის პრინციპი, ისე ქალთა წარმომადგენლობა იყო ძალიან მაღალ დონეზე, ჯერ კიდევ ასი წლის წინ. ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანას არ ჰქონდა ეს კულტურა და საქართველოში 26 ქალი-კანდიდატი გვყავდა, 15 პარტია მონაწილეობდა არჩევნებში და სწორედ ამ პარტიებს ჰყავდათ ქალი-კანდიდატები, 5 მათგანი არჩეული იყო არჩევნების შედეგების მიხედვით, რაც ძალიან მაღალ კულტურაზე მიანიშნებს და ჩვენ სიამაყით ვაცნობთ ამ საარჩევნო კულტურას ჩვენს ამომრჩევლებს“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი