დღეს საქართველოს ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. დღეს მას 79 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი – მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. 1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა.
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო. 1980 წელს იგი ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში გადაასახლეს. დედამ და მისმა მეგობარმა მოახერხეს მერაბის მონახულება. გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც “ხულიგანს“ და ციმბირში, ქ. ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა.
1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში, მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა. მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა – 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
1987 წლის 30 აპრილს მერაბ კოსტავა 10–წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში ბრუნდება და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. მასთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო” შეარქვა და შალვა ახალციხელივით, მარადისობას აზიარა.
1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისთვის. 40 დღის შემდეგ, ის გაათავისუფლეს. 1989 წლის ზაფხულში, ერთ-ერთი სატელევიზიო პაექრობისას, მერაბ კოსტავამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა, დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთო.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იგი სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ცნობისთვის, 2013 წელს 26 სექტემბერს მერაბ კოსტავას საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები