ბექა დავითულიანი: ამ გადაწყვეტილებით, თბილისის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს

0

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე შპს „ას ჯორჯიასთვის” დაკისრებულ ვალდებულებებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას. დეპუტატის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ამ გადაწყვეტილებით დედაქალაქის სასარგებლოდ დაახლოებით ექვსი მილიონი ლარის მობილიზებას მოახდენს. ბექა დავითულიანი აღნიშნავს, რომ 2012 წელს, როდესაც ინვესტორს ხელშეკრულება გაუფორმეს, მას  სამი მილიონი დოლარის ინვესტირებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობა დაევალა.

„ინვესტორმა დააყენა საკითხი, რომ ეს არის არარეალისტური, მისთვის არარენტაბელური ვალდებულება და განაცხადა, რომ გადაიხდიდა იმ ჯარიმას, რაც ხელშეკრულების დარღვევისთვის ეკისრებოდა და წავიდოდა. შესაბამისად, აღარც პარკი გვექნებოდა და აღარც ინვესტიცია. აქედან გამომდინარე, მივედით შეთანხმებამდე, რომ ამ ტერიტორიის ნახევარზე ინვესტორმა მშენებლობა განახორციელოს და აშენებული ფართის 6.5 პროცენტი მუნიციპალიტეტს დაუბრუნოს. გარდა ამისა, ინვესტორი  7.5 ჰექტარზე პარკს გააშენებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ინვესტორს რომ ჯარიმა გადაეხადა და შემდეგ მუნიციპალიტეტს ეს ტერიტორია გაეყიდა, შემოსავალს დედაქალაქი დაახლოებით ცხრა მილიონ ლარს მიიღებდა. ამ შემთხვევაში კი, საბოლოო ჯამში, თბილისის ბიუჯეტი მინიმუმ თხუთმეტ მილიონ ლარს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი