პროექტ „ეკოლოგიკის“ მეორე ეტაპზე ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა (ფოტოკოლაჟი)

ზესტაფონის სპორტის სასახლეში სასკოლო პროექტ „ეკოლოგიკის“ მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა და ზესტაფონისა და ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეჯიბრი ზესტაფონის მე-2 და ჭიათურის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა და ზესტაფონელი მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა.
პროექტის მეორე ეტაპი სათავგადასავლო შინაარსის იყო. „მოხალისე ჯარისკაცები” სკივრის გასაღებს ეძებდნენ. ამისთვის კი, მათ, სისწრაფისა და გამჭრიახობის დახმარებით, 5 სახალისო თამაშში უნდა მოეპოვებინათ უპირატესობა. საბოლოოდ ზესტაფონელებმა მოიპოვეს უპირატესობა და გაიმარჯვეს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „ეკოლოგიკა“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ორგანიზებით ტარდება, ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა და ზესტაფონისა და ჭიათურის 54 სკოლას აერთიანებს.
პროექტი ხორციელდება ჭიათურისა და ზესტაფონის სასწავლო დაწესებულებების მე-8-11 კლასის მოსწავლეთათვის.
პროექტმა სტარტი 15 აპრილიდან აიღო და 20 ივნისს, გამარჯვებულის გამოვლენით, საზეიმოდ, დასკვნითი ცერემონიალით დასრულდება.
სკოლების მიერ შერჩეული გუნდები გამარჯვების მოსაპოვებლად 3 ეტაპს გადიან. თამაშის წესების თანახმად, მათი მიზანი სკივრის გასაღების მოპოვებაა, სადაც სლოგანი ინახება. სწორედ ამ სლოგანის მიხედვით, მესამე ეტაპზე გადასული 5 გამარჯვებული გუნდის მიერ წარმოდგენილი საუკეთესო ეკოპროექტი გახდება „ეკოლოგიკის“ 2018 წლის გამარჯვებული.
ცოტა ხნის წინ, ჭიათურასა და ზესტაფონში პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ხასიათის იყო და გამარჯვებული სკოლების გუნდები (“მეცნიერ – ბოტანიკოსები”) გამოვლინდნენ.
პროექტის მესამე ეტაპზე, “მოხალისე-ჯარისკაცები” ასპარეზს მხიარულ ექსპერტებს დაუთმობენ.
პროექტის მიზანია, მოზარდებში მოტივაციის, ინტელექტუალური და შემეცნებითი ბაზის ამაღლება და განვითარება.
ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონებში გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს.
პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი“. მხარდამჭერები არიან: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები