„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” წევრებმა ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების საკითხთან დაკავშირებით ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს

0

საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის”  წევრები ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებისა და თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ კანადის სამშენებლო ნორმების კომისიის წევრი, აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის პროგრამის „სეისმური თანამშრომლობის” ხელმძღვანელი; ლორენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის სეისმოლოგი, ასევე ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლები.

„მეწყერსაშიშ ზონაში ხდება ჟვანიას ქუჩის განაშენიანება, რაც ადრე თუ გვიან მძიმე შედეგებს მოიტანს თბილისისთვის. აუცილებელია, ამ ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადება აღნიშნული ქუჩის საფუძვლიანი გეოლოგიური და ჰიდროლოგიური გამოკვლევების დასრულებამდე. უპირველესი საზრუნავი ადამიანის უსაფრთხოებაა. საჭიროა ისეთ პოზიციაზე შეჯერება, რაც პრობლემის მინიმიზაციას უზრუნველყოფს. საკითხს ართულებს ისიც, რომ სხვადასხვა უწყებას, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსი პრობლემების პრევენცია, ერთმანეთთან არ აქვს კოორდინაცია. ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ჟვანიას ქუჩის მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ.

„თბილისში არაერთი ხეობაა, რაც მოჭარბებულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს უამრავი ადამიანისთვის იმ გაუაზრებელი მშენებლობების გამო, რაც წლებია გრძელდება თბილისში. როდესაც ქალაქში ამხელა ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ეს უკვალოდ არ ჩაივლის. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, ტურისტული თვალსაზრისითაც ქალაქს მნიშვნელოვნად ულახავს პრესტიჟს”, – აღნიშნა ფრაქციის წევრმა, კობა კობალაძემ.

ჟვანიას ქუჩის მასშტაბური მშენებლობები საფრთხეს რომ უქმნის ქალაქს, ამ აზრს ყველა უწყების წარმომადგენელი ეთანხმება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ვარაზისხევის მარჯვენა ფერდზე მშენებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს – “უკვე დაწყებული მშენებლობების უსაფრთხოებისთვის ფერდობსამაგრი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ახალი მშენებლობებისთვის ნებართვების გაცემა კი უნდა აიკრძალოს. ვფიქრობთ, ბევრ სადაო საკითხს ნათელს მოჰფენს გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და 2019 წლის მაისისთვის იქნება მზად. აღნიშნულ რუკაზე დატანილი იქნება ინფორმაცია რისკების სიმძიმის მიხედვით”.

ჟვანიას ქუჩის პრობლემას ქაოტური მშენებლობების გარდა, წყლის კოლექტორის არასათანადო მოცულობაც ამძიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ტარიელ ბერიძის აზრით, ჟვანიას ქუჩაზე არსებული კოლექტორი არასაკმარისი იქნება ნალექის დიდი რაოდენობით მოსვლის შემთხვევაში, ამიტომ, მისი თქმით, წყლის სიჩქარის ვარდნის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია – “თუ არ მოხდება კოლექტორის დაწნევიან რეჟიმში მუშაობა, ფიზიკურად ვერ მოხდება წყლის დიდი ნაკადის გატარება. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია არსებული 1000 მმ-იანი კოლექტორის 1800 მმ-იანი კოლექტორით ჩანაცვლება.”

თბილსერვის ჯგუფის სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი ნოდარ ზარდიაშვილი კი მეორე კოლექტორის დამონტაჟების აუცილებლობაზე საუბრობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, -“ჩვენი სამსახური აქტიურად მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით. პირველი, ეს არის პრევენცია, მეორე მიმართულებას კი მზადყოფნა-რეაგირების რეჟიმი წარმოადგენს. სხვადასხვა უწყებასთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ადრეული შეტყობინების სისტემები დამონტაჟდეს. ამჯერად, დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები”.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე, სამშენებლო რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს: „სამშენებლო რეგულაციების არსებობა აუცილებელია სახელმწიფო დონეზე. ამჟამად ვმუშაობთ სეისმური საფრთხეების რუკაზე. ეს კომპონენტი აუცილებლად გასათვალისწინებელია მშენებლობების დაგეგმვის დროს. რაც შეეხება ჟვანიას ქუჩას, ჩვენ მიერ განხორციელებულ კვლევაში 3 მეთოდი გავაერთიანეთ და წარმოვადგინეთ მდინარე ვარაზისხევის ხეობის გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდრავლიკური კვლევა, რათა საერთო სურათი მიგვეღო. მდგომარეობა საგანგაშოა და ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვება თვითმკვლელობის ტოლფასია. დეველოპერულმა კომპანია „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპმა” თითქმის 350 მეტრით დააგრძელა 1000 მმ-იანი კოლექტორი. შეცვლილია რელიეფი, რაც წყალმოვარდნის შემთხვევაში, ამცირებს რეაგირების დროს”.

კანადის სამშენებლო ნორმების კომისიის წევრი, ტუნა ონური საქართველოში სამშენებლო ნორმების განახლებას მიესალმება.

“ეს უნდა გახდეს ერთგვარი დაცვის ხაზი ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის საქმეში. ამ ნორმების ჩამოყალიბება დაეხმარება მშენებლებს განავითარონ უსაფრთხო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, კანადაში გვაქვს სამშენებლო მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც სამშენებლო ნორმების 5 წელში ერთხელ ანახლება. ეს მუდმივი პროცესია, რომ არ ჩამოვრჩეთ ინოვაციებს. ეს არის სახელმწიფო ორგანო, რაც ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს სამშენებლო ნორმები შეასრულონ. თქვენს სიტუაციას რაც შეეხება, კარგია, რომ პროცესი დაიძრა, თუმცა, პრობლემის მოგვარებას სჭირდება კომპლექსური მიდგომა”,- განაცხადა ტურა ორნურმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” ინიციატივით, შეიქმნება ნინო ჟვანიას ქუჩის საკითხთან დაკავშირებით არსებულ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა და მუდმივ რეჟიმში გაკონტროლდება ამ ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროცესები.

კომენტარები

კომენტარი