„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის დელეგაცია ეწვია

0

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმი ჩინეთის სამთავრობო დელეგაცია მიიღო.
ოფიციალურ დელეგაციას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განყოფილების თავმჯდომარე სუნ სუეჭენი ხელმძღვანელობს. ფონდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ჩინეთის ეკონომიკურმა და კომერციულმა მრჩეველმა საქართველოში ვან ლიან ფომ მიიღო.
მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა აღმოსავლეთ – დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, საქართველოს როლი და აბრეშუმის გზის იდეა, საუკუნის პროექტის ფარგლებში სამოქმედო გეგმის ფორმირება, საქართველოში ჩინური ინვესტიციების პერსპექტივები და საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფორმატში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობის მნიშვნელობას. ისაუბრეს ქვეყნებს შორის საუკუნის პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის დასახვის საკითხების შესახებ, რაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
ჩინეთის დელეგაციის წევრებმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს მადლობა გადაუხადეს ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის. დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს დავით საგანელიძის მიერ ჩინეთში საქმიანი ვიზიტის დროს, ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში შეხვედრისას გაკეთებულ აქცენტებსა და აქტიურ თანამშრომლობაზე, რის შედეგადაც პროექტ „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ფორმატში საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთა და საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აბრეშუმის გზის საუკუნის პროექტში ჩართულობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.
ჩინეთის მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები საქართველოში მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი