თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება.
მისივე თქმით, აღნიშნული იდეა მიმდინარე წელს განხორციელდება.
“მინდა შევეხო ერთ საინტერესო პროექტს. ჩვენ რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი და შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი იდეები, ხედვები და პროექტები, თუ რისი განხორციელება შეიძლება ქალაქში. პროექტის სახელწოდებაა “შენი იდეა ქალაქის მერს” და აქტიურობა ძალიან დიდია. უკვე 10 იდეა არის შემოსული, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. 2 პროექტზე მინდა მოგახსენოთ, რომლებიც განხორციელდება, ერთი არის ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას და დედაქალაქში რამდენიმე ასეთი აპარატი დამონტაჟდება. ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება და ეს ძალიან კარგია”, – განაცხადა მერმა.