კიბერდანაშაულის გამოძიების თემაზე ქართველი სამართალდამცველები ერთობლივ სწავლებას გადიან

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ტრენინგი მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისმა და აშშ-ს საელჩოს რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტმა გახსნეს. ტრენინგის მიზანი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ქართველი სამართალდამცველების პროფესიული გაძლიერება და წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობაა.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ პარტნიორ ორგანიზაციებს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის წარმოება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინტერნეტ სივრცეზე დამოკიდებულების ზრდის პარალელურად, ეს საკითხი კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ზრუნვა ქართველი სამართალდამცველების პროფესიული შესაძლებლობების  ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ტრენინგს აშშ-დან მოწვეული პრაქტიკოსი ექსპერტები ატარებენ. 3-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაფარული იქნება: ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაულის სახეები, ქსელური გამოძიების ტექნიკები, ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების საუკეთესო პრაქტიკა, სასამართლოში ბრალდების დასადასტურებლად მობილურის/კომპიუტერის ექსპერტიზის გამოყენება, სასამართლოში ციფრული მტკიცებულებების გამოყენების სტრატეგიები, მტკიცებულებათა დასაშვებობა, ვირტუალური ვალუტის, ციფრული ტექნოლოგიებით ფულის გათეთრების გამოძიების საფუძვლები და სხვა აქტუალური საკითხები.

ტრენინგს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან. სასწავლო პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად არის დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით. ერთობლივი სწავლების მიზანი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობაა. ტრენინგი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები