ბენ ემერსონი: რუსეთმა ქართველების ეთნიკურ წმენდას ხელი არ შეუშალა, ზოგჯერ კი დანაშაულში თავადაც მონაწილეობდა

რუსეთმა ქართველების ეთნიკურ წმენდას ხელი არ შეუშალა, ზოგჯერ კი დანაშაულში თავადაც მონაწილეობდა, – ამის შესახებ ქართული მხარის ადვოკატმა ბენ ემერსონმა დღეს სტარსბურგში გამართულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საბრძოლო მოქმედებების დროს და მათი შეწყვეტის შემდეგაც, რუსეთის შეიარაღებული ძალები, სეპარატისტებთან და რუსეთის მიერ კონტროლირებად სხვა არალეგალურ დაჯგუფებებთან ერთად, შევიდნენ ქართულ სოფლებში.

„ამ დროს მოსახლეობის ნაწილი ან გაქცეული იყო ან ევაკუირებული, ხოლო ვინც დარჩა, ძირითადად, ხანდაზმულები იყვნენ და მათ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ. რუსეთის ძალებმა დაბლოკეს სოფლები, ანუ დააყენეს საკონტროლო გამშვები პუნქტები და დაუშვეს, რომ ქართული სოფლები მთლიანად დაეწვათ. სამოქალაქო პირებს ემუქრებოდნენ მოკვლით, თუ ისინი არ დატოვებდნენ სოფლებს. უამრავი ადამიანი ეთნიკური ნიშნით გამოარჩიეს და მოკლეს. მკვლელობები სისტემატური იყო, რაც ეუთომ მკაცრად დაგმო. ზოგიერთი დანაშაული უშუალოდ რუსი სამხედროების მიერ იყო ორგანიზებული. დანარჩენი კი მათი თანდასწრებით და ხელშეწყობით ხდებოდა, ან ისინი უბრალოდ ხელს არ უშლიდნენ დამნაშავეებს“, -განაცხადა ემერსონმა.

მისივე თქმით, „არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქართველების ეთნიკური წმენდის შეჩერება შეეძლოთ, თუმცა რუსეთმა სხვა გზა აირჩია და ხშირად ამ დანაშაულში თავად რუსი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. ამის მტკიცებულებები არსებობს, ამის შესახებ სასამართლოს მოწმეებიც მოუყვნენ, თუმცა საქმის მთავარი მტკიცებულების ავტორი რუსეთის პრეზიდენტია“

„რუსეთის მიერ საქართველოში მოწყობილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ვერ დაიყოფა ცალკეულ ინციდენტებად და ფაზებად. ცხადია, რომ ეს იყო ერთი კამპანია. ყველა მტკიცებულებით ეს იყო სამხედრო კამპანია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მზადდებოდა და მიზნად ისახავდა საქართველოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ოკუპაციას. კონკრეტულ საქმეში მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას მიმართა, რათა სამუდამოდ გაედევნა ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები სეპარატისტული რეგიონებიდან. ცხადია, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა იზოლირებული ინციდენტები და ეს ხდებოდა სისტემატურად.

რუსეთის დანაშაულის ყველაზე უტყუარი მტკიცებულება თავად ვლადიმერ პუტინისგან მოდის. რუსეთის საქართველოში ინტერვენციის ოთხი წლის თავზე გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა თქვა, აქ მოვიყვან ციტატას – ეს არ არის საიდუმლო, გეგმა გენშტაბმა მოამზადა. მეტიც, ამ გეგმის მიხედვით ჩვენ სამხრეთ ოსეთის სამხედროებთან მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩავატარეთ, მათ საკუთარი როლი შეასრულეს. ეს სიტყვები პუტინმა თქვა და ეს ვიდეოჩანაწერი საქმეს თან ერთვის“, –აღნიშნა ემერსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები