კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგო.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. მისი განცხადებით, გამწვანების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში დედაქალაქის ყველა რაიონში ჩატარდება.

„რუსთაველის გამზირზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, ხორციელდება  ინფრასტრუქტურული პროექტები. გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში, ეტაპობრივად ხორციელდება. დავიწყეთ რუსთაველის გამზირით,  შემდეგ გადავალთ სხვა ქუჩებზე და ყველა რაიონს მოვიცავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ მათ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და რუსთაველის გამზირის გამწვანებისთვის ხე-მცენარეები ქალაქს საჩუქრად გადასცეს. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას განვაგრძობთ და მომავალში, პარკებისა და სკვერების გამწვანებას ბიზნესის ჩართულობით ვაპირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად სხვადასხვა მცენარეები, მათ შორის,  ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია შეირჩა.

კომპანია „მაგთის“ შენობის წინ მდებარე თარგში ოთხი ძირი ჭადარი, პარლამენტის შენობის წინ არსებულ სხვა თარგებში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა და ცხრა ძირი ფოტინია დაირგო. გამწვანების სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 26 მაისამდე დასრულდება.

დედაქალაქის ცენტრალური გამზირის მოწესრიგება და გამწვანება უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები, გამოიცვალა 1500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, შეკეთდა შადრევნები.

კახა კალაძესთან  ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები