ზაზა გაბუნია: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში, წლევანდელი წელი შედეგიანი იქნება

„წლევანდელი წელი მობილიზაციის ხარისხის და მზადყოფნის გათვალისწინებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში, იქნება გაცილებით უფრო შედეგიანი და წარმატებული. გამოწვევები არის და ასეთი საკომიტეტო სხდომები სწორედ იმისთვის იმართება, რომ შევაფასოთ ყველა ფაზა – უკვე განვლილი და დაგეგმილი ამოცანები”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე, სადაც  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეებს მოუსმინეს.

კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ ბრძოლის  სტრატეგიის განხორციელების მდგომარეობის შესახებ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში მოისმინა.

საკომიტეტო მოსმენისა და განხილვის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, მცენარეთა საშიში მავნებლის აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და კონკრეტული სამოქმედო ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობა. ასევე, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების, მათი სტრუქტურული ერთეულების ძალისხმევის კოორდინაციის  შემდგომი სრულყოფა,  მეცნიერების, მკვლევარების და პრაქტიკოსების, დარგის კვალიფიციური სპეციალისტების, ასევე, ადგილობრივი ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად მობილიზაცია და მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა, ადგილებზე რეალურად არსებული საჭიროებების, პრობლემებისა  და გამოწვევების აღნუსხვა და დამატებითი საინფორმაციო წვდომის უზრუნველყოფა,  ქვეყნის აგრარული სექტორის საშიში გამოწვევის სრულად  დაძლევის სამომავლო გზების დასახვა.

2017 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეულ სამუშაოებზე საუბრისას, მომხსენებელმა, გელა ხანიშვილმა აღნიშნა, რომ გამოყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები. მისი განცხადებით, 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განსახორციელებლად ამ გამოცდილებისა და რეკომენდაციების ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო მოცულობამ შეადგინა 49 მლნ 850 ათასი ლარი. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც აღნიშნული ფინანსური რესურსით უკვე გატარდა და რომელიც კვლავ გრძელდება. მომხსენებლის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის პროგრამა გეგმის შესაბამისად და ვადების სრული დაცვით ხორციელდება.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ  მობილიზებულია  150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია; წელს, არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობი ოთხჯერ დამუშავდეს; მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდულია ქიმიური საშუალებები: 180 ათასი ლიტრი, ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 209 ათასი ლიტრი ზეთოვანი ინსექტიციდი (თერმული ნისლის ტექნოლოგია); მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 10 ათასი ფერომონის დამონტაჟება; ე.წ. „მოიზიდე და მოკალის” სადგურებისთვის იგეგმება 110 ათასი  ფერომონის გამოყენება, რომლებიც მავნებლის გავრცელების კერებში განთავსდება.

„ეს არის ის სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ამჟამად, მავნებელთან ბრძოლის პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა და წლის ბოლომდე გაგრძელდება. „ამ პერიოდში განხორციელდება: შეწამვლითი სამუშაოები; გაგრძელდება მონიტორინგი; დამონტაჟდება „მოიზიდე და მოკალი” სადგურები”, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, კომპლექსური და კოორდინირებული მუშაობის მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი. ასევე, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვშიც.

მომხსენებელმა რეგიონების მიხედვით დამუშავებული ტერიტორიების ფართობის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ტარდება მონიტორინგი იმასთან დაკავშირებით თუ რა შედეგები იქნა მიღწეული გატარებული ღონისძიებების საფუძველზე.

მომხსენებელმა  საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება. მან მეზობელ ქვეყნებთან, იქ სადაც აზიური ფაროსანა არის გამოწვევა ქართველი სპეციალისტების აქტიურ თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი.

„სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპეციალისტები, ქართველ კოლეგების მუშაობას უმაღლეს შეფასებას აძლევენ. ამით ჩვენ ამაყებიც ვართ  და ეს რაც მთავარია შედეგებზე აისახება. პროცესი გრძელდება, რომელიც არ შენელდება.”, – განაცხადა გელა ხანიაშვილმა.

მომხსენებელმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში საზოგადოების როლზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ფერმერებმა დროულად და სრულყოფილად უნდა ჩაატარონ აგროტექნიკური სამუშაოები საკუთარ სავარგულებში; ბიზნეს-ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფოს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობის არეალში; მოსახლეობამ შესაბამის სტრუქტურებს უნდა შეატყობინოს მავნებლის ინვაზიის შემთხვევების შესახებ.

ერთიან ელექტრონული საინფორმაციო სისტემაზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველა ჩატარებული ღონისძიების ხილვა შესაძლებელია  თარიღის მიხედვით.

2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ძირითადი მიზანია – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია მისი პოპულაციის კონტროლი და მართვა, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსავლის დანაკარგების მოქცევას 5-15 %-ის ფარგლებში;

2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ძირითადი მიზანია გარემოსადმი ნაკლებად მავნე ტექნოლოგიების გამოყენებით მავნებლის რიცხოვნობის შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.

მომხსენებლებმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და დამატებითი დაზუსტებები გააკეთეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ მთავრობის წარმომადგენლებს შესთავაზა, აბაშაში გასვლითი სხდომის დაგეგმვა და შედეგების ადგილზე გაცნობა იმისთვის, რომ  პარლამენტის წევრები  სრულად იყვნენ ინფორმირებული სამუშაო პროცესის შესახებ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „სოციალური მუშაობის შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

კანონპროექტი დეპუტატებს  ინიციატორმა და ერთ-ერთმა ავტორმა, სოფო კილაძემ გააცნო.

„პროექტი, რომელზეც ერთ წელზე მეტია ვმუშაობთ სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ეხება ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენებს, მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს თანადგომა”, – აღნიშნა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

მისი თქმით, აქამდე არ არსებობდა უნიფიცირებული კანონი, რომელიც  სოციალური მუშაობის სხვადასხვა საკითხებს დაარეგულირებდა.

კანონპროექტის მიხედვით, იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა, რეგულირდება მისი ძირითადი პრინციპები, ფუნქციები, უფლებები, და მოვალეობები. კანონპროექტი არეგულირებს სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის, სოციალური გარანტიების საკითხებს.

„ვფიქრობთ ადამიანები, რომლებმაც სხვები უნდა დაიცვან, პირველ რიგში თავად უნდა იყვნენ დაცულნი”, – განაცხადა სოფიო კილაძემ. მისივე თქმით, ეს პროექტი შეამცირებს ქვეყანაში ძალადობისა და  სიღარიბის შემთხვევებს. ასევე, ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვს.

მომხსენებლის განმარტებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დეცენტრალიზაციის საკითხი.

„დეცენტრალიზაციის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ გავაჩინოთ სოციალური მუშაკების შტატი ადგილობრივ თვითმმართველობებში, ვინაიდან ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით დეკლარირებული პრინციპია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები გავაძლიეროთ. მეორე მხრივ ადგილობრივ თვითმმართველობებში კარგად იციან ადგილობრივი საჭიროებების შესახებ. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც ინტეგრირებული იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებას”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

მომხსენებლის განმარტებით, ამ კანონის აღსრულებას სჭირდება ბევრი ნაბიჯი, ამიტომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, კომიტეტში შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რეფორმის ძალიან სწორად და კარგად განხორციელებას, რაც ჩვენი საზოგადოებისა და ოჯახების გაძლიერებას მოემსახურება. „ჩვენი სურვილია თითოეული ინდივიდი იყოს მაქსიმალურად დაცული. ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე იყოს კარგად წარმოდგენილი”, – განაცხადა მომხსენებელმა.

„სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი ინტეგრირებული ბაზა, სადაც თავს მოიყრის სხვადასხვა უწყებებში გაბნეული საკანონდებლო აქტები. ეს პროექტი განსაზღვრავს სოციალური განვითარების საშუალო ვადიან და გრძელვადიან პროგრამას, რომელშიც გაწერილია ყველა ის საკითხი,  რომელიც ამ პროცესების თანმდევია”, – განაცხადა კომიტეტის წევრმა პაატა მხეიძემ.

„ეს კანონი არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი, რომელიც დაარეგულირებს სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობებს, უფლებამოსილებებს, მისი პროფესიული კვალიფიკაციის საკითხებს.  ეს არის ახალი საფეხური სოციალურ სფეროში დასაქმებული ადამიანების სახით, რომელიც ახალ შესაძლებლობას გააჩენს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ყველა ის სერვისი, რომელსაც ღებულობს დღეს საქართველოს მოქალაქე სოციალური სერვისების სახით, უფრო მაღალი დონით და კვალიფიციური ფორმით    მიიღონ”, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მერაბ ქვარაიამ.

„ზრუნვა და პრევენცია – არის ის ტერმინები, რაზეც უნდა აიგოს ეს პოლიტიკა. ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვჭირდება სოციალური მუშაკის ძლიერი ინსტიტუტი, რისთვისაც არის დაწერილი ეს კანონპროექტი. კანონპროექტი უკავშირდება სოციალური მუშაკის ძლიერი ინსტიტუტის შექმნას,   ფორმირებას და ამ ინსტიტუტის გაძლიერებას. უამრავი მიმართულებით წარმოდგენილია სრულიად ახალი ხედვები კანონპროექტში, რაც ნამდვილად მისასალმებელია”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ. მან კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გამოთქვა, რისი გათვალისწინებითაც კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები