„ბადაგონის“ დამფუძნებელი ბიზნესომბუდსმენს მიმართავს

კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი და ერთადერთი ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა ბიზნესომბუდსმენს, ირაკლი ლექვინაძეს მიმართავს. “კვირა” მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო ირაკლი, პატივისცემით მოგმართავთ ვლადიმერ ჯანჯღავა – კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი და ერთადერთი ინვესტორი. ხაზგასმით ვიმეორებ – ერთადერთი ინვესტორი, ვინაიდან კომპანია „ბადაგონი“მხოლოდ ჩემი ფინანსური ინვესტიციებით შეიქმნა. 2003 წლიდან მოყოლებული, ამ კომპანიაში, საერთო ჯამში, 20  მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელე. სწორედ ჩემი სახსრებით აშენდა ღვინის ახალი ქარხანა, გაშენდა ვენახები და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ქარხანა, რომლის დაარსებაც მამაჩემის ხსოვნას მივუძღვენი და მემკვიდრეობით შვილებისთვის უნდა გადამეცა, დღეს თაღლითის ხელშია.

ჩემ მიერ დაქირავებულმა მენეჯერმა ბოროტად ისარგებლა ჩემი ნდობით და თაღლითური გზით მიითვისა კომპანიის 100% წილი. ის მარწმუნებდა, რომ „საჭირო“ ადამიანებთან მისი კავშირების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ პრობლემების თავიდან აცილება, რომლებიც აუცილებლად შეექმნებოდა კომპანიას საქართველოში. ამდენად, ჩემ მიერ მისი დაქირავების მიზანი იყო კომპანიის ეფექტიანი მართვა და შესაძლო პრობლემების თავიდან აცილება. თუმცა ყველაზე დიდ პრობლემად კომპანიისთვის და პირადად ჩემთვის სწორედ ეს დაქირავებული მენეჯერი იქცა.

გასული წლის შემოდგომაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით ფინანსურ პოლიციას მივმართე და სისხლის სამართლის წესით რეაგირება მოვითხოვე დანაშაულზე, რომელიც ჩემმა დაქირავებულმა მენეჯერმა გიორგი სალაყაიამ ჩაიდინა. აღნიშნული საქმის თაობაზე ინფორმირებული ბრძანდებით – საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებს თქვენც ადევნებდით თვალყურს. გასული კვირის მიწურულს მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ჩემი კუთვნილი წილის მითვისების საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. უცნობია, რა მოიკვლია, რა მასალები და ფაქტები მოიძია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. ჩემთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ბატონ სალაყაიას ხელი დააფარა. ამ დროს მახსენდება, როგორ   ჰყვებოდა ბატონი სალაყაია ყველგან – მეგობრების წრეში, საქმიან შეხვედრებზე, ბიზნესპარტნიორებთან, ვისთან რა შეხვედრები ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პარალელურად და ვინ და რა სახის მხარდაჭერასა თუ დახმარებას დაჰპირდა მას. ის აცხადებდა, რომ სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიაც მის გვერდითაა. არ მჯერა, რომ ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია თაღლითებს მფარველობს. ერთი მხრივ, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ჩემი, როგორც ინვესტორის, ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, ეპისკოპოსს რატომღაც დაავიწყდა, რომ, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, სწორედ ჩემი ფინანსებით განხორციელდა ალავერდის მონასტრის რესტავრაცია, ღვინის მარნის მშენებლობა და სხვა არაერთი საქმე.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ჩემი დისკრედიტაციის მიზნით მასშტაბური კამპანია წარმოებდა – პრესაში იბეჭდებოდა სტატიები, სოციალურ ქსელებში ხდებოდა ჩემი პერსონის ე.წ.  „განხილვა“, სადაც ხან  რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობას მწამებდნენ, ხან საქართველოში მოკალათებული ოლიგარქების მიერ მართულ მარიონეტად წარმომაჩენდნენ, ხოლო მე, როგორც ბოროტებას, რაინდი, მართალი და წესიერი კაცი გოგი სალაყაია მებრძოდა.  ბატონო ირაკლი, ნუთუ მართლა გჯერათ, რომ რუსული სპეცსამსახურების დაფინანსებით შევქმენი საქართველოში სუპერთანამედროვე ღვინის კომპანია? ნუთუ მართლა დაგარწმუნათ ბატონმა სალაყაიამ, რომ მე 20 მილიონზე მეტი ინვესტიციით შექმნილი საწარმო მას 40 ათას დოლარად მივყიდე?

შეიქმნა საკმაოდ აბსურდული, ტრაგიკომიკური ვითარება, ვინაიდან სალაყაიას მიერ ჩემ მიმართ აგორებული შავი პიარი, ჩემ მიერვე დაარსებული კომპანიის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ყოველთვის უნდა  იცავდეს კეთილსინდისიერ ინვესტორს. და ეს განსაკუთრებით ქართულ სახელმწიფოს მართებს, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ინვესტიციები აუცილებელია, ხოლო ინვესტორები – გასაფრთხილებელი. ჩემს შემთხვევაში კი საქმე სრულიად საპირისპიროდაა. მე ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ თაღლითი სალაყაიას მიერ მითვისებული, ჩემი ძალისხმევით შექმნილი სიკეთის დაბრუნებას. არ სჭირდება დიდი მეცადინეობა იმის დადგენას, რომ სალაყაიას  ერთი თეთრიც არ აქვს ჩადებული კომპანიაში, მაშინ როცა დღეს საქვეყნოდ აცხადებს, რომ „ბადაგონის“ დამფუძნებელია. გიორგი სალაყაია კადრულობს ყველაფერს – ტყუილს, სიყალბეს, ფაქტების დამახინჯებას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ასეთი ადამიანების უფრო სჯერათ სახელმწიფოსაც, ეკლესიასაც და ზოგიერთ გაუთვითცნობიერებელ თუ შედეგით დაინტერესებულ ადამიანსაც.

იმ დროს, როცა წლების განმავლობაში მარწმუნებდა სალაყაია, რომ კომპანია არარენტაბელური იყო, პარალელურად, ჩემ მიერ შექმნილი კომპანიის შემოსავლებით მოიწყო უზრუნველი ცხოვრება და უძრავ-მოძრავი ქონებაც შეიძინა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისად არ მიიჩნია და ახლა მთელი ჩემი საწარმოს კაპიტალს სიმართლის მისაჩქმალად და პირადად ჩემს წინააღმდეგ იყენებს.

აქამდე ჩემი მხრიდან ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა ისეთი, რაც კომპანიის საქმიანობას შეაფერხებდა. სალაყაიას ქმედებებზე მხოლოდ სამართლებრივ რეაგირებას ვითხოვდი. მაგრამ, დამეთანხმეთ, ძნელია, უყურო, როგორ ფლანგავს შენს ქონებას თაღლითი და შენსავე ქონებას შენს წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს. ამჯერად მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემ მიერ განხორციელებული ინვესტიციების დასაცავად, გაცილებით აქტიურად ვიმოქმედო. აღნიშნულის შესაბამისად:

  1. მივმართავ ყველა სამართლებრივ ზომას, რათა თაღლით სალაყაიას არ მივცე საშუალება, გაანიავოს ჩემ მიერ განხორციელებული ინვესტიციები;
  2. ვითხოვ შეხვედრას ბიზნესასოციაციასთან და მათთან ერთად ვაპირებ, საჯაროდ ვამხილო ინვესტორის „გადაგდების“ ეს კონკრეტული ფაქტი და მოვითხოვო მათი პოზიციის დაფიქსირება, რათა საქართველოში აღარასოდეს დავუშვათ ბიზნესის წართმევის მსგავსი პრეცედენტი;
  3. გთხოვთ, გამონახოთ დრო პირადად ჩემთან შესახვედრად, რათა უშუალოდ მოვისმინო თქვენგან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ამ საქმეზე ერთგვარი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირისგან, ბიზნესომბუდსმენის პოზიცია და უშუალოდ თქვენგან შევიტყო, არის თუ არა სახელმწიფო მზად, დაიცვას ინვესტორი და ინვესტიციები. ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს თაღლითებისგან თქვენი დაცვა სჭირდება“,- ნათქვამია ვლადიმერ ჯანჯღავას მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები