„ახლაც ეიფორიაში ვარ„ – თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 18 წლის გოგონა სახლში ამშობიარეს (ფოტო)

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა 18 წლის გოგონა სახლში ამშობიარეს.

როგორც თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძახება ცენტრში გამთენიისას, 04.37 წუთზე შევიდა. ზუსტად 5 წუთში ბრიგადა 1711 მისამართზე უკვე მისამართზე იყო მისული.

„როგორც კი გადმოვედით მანქანიდან, ოჯახის შეშინებული წევრები და მეზობლები დავინახეთ – ვერავინ ბედავდა, გოგონას ახლოს მიკარებოდა. ის კი შემოსასვლელში, იატაკზე იწვა და თან მშობიარობა უკვე დაწყებული იყო. თვითონაც შეშინებული გვიყურებდა – ის პირველად მშობიარობდა, თან, ასეთ პირობებში და, ბუნებრივია, სტრესიც ძლიერი იყო. მყისიერად დავიწყეთ მოქმედება. ამ დროს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა. ისიც დავამშვიდეთ. მოკლედ, ყველანი ძალიან დაბნეულები იყვნენ და ჩვენ შემოგვცქეროდნენ. ბრიგადის მეორე ექიმი, დემურ ბლუიშვილი მეან-გინეკოლოგია სპეციალობით. მოკლედ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დემური შემდეგ ხუმრობდა, ზუსტად საჩემო მისამართზე ვიყავიო. მე კი ახლაც ეიფორიაში ვარ. საოცარი განცდაა, როცა ახალი სიცოცხლის დაბადებაში იღებ მონაწილეობას“, – იხსენებს უფროსი ექიმი ნინო გელბახიანი.
როგორც დემურ ბლუიშვილმა აღნიშნა, ჩვილს იქვე ჩაუტარდა ყველა საჭირო მანიპულაცია და შემდეგ სამშობიაროში გადაიყვანეს.

„მშობიარობამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. პატარა გოგონაც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. წონით, დაახლოებით, 3,100 გრამი იქნებოდა. ჩვილს იქვე ჩავუტარეთ ყველა საჭირო მანიპულაცია და სამშობიაროში გადავიყვანეთ. ბუნებრივია, ძალიან ივაჟკაცა ჩვენმა მძღოლმა – ვასილ ციკოლაშვილმა, რომელმაც რამდენიმე წუთში მიგვიყვანა დანიშნულების ადგილას“, – გვითხრა დემურ ბლუიშვილმა.

ამჟამად პატარა ევა და მისი ახალგაზრდა დედა თავს კარგად გრძნობენ და სტაციონარიდან სახლში წასასვლელად ემზადებიან.

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა ოჯახს პატარა ევას დაბადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები