საკრებულოში, „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს და პარლამენტის წევრები, მეცნიერები, ისტორიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

სხდომაზე პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების და თბილისის რამდენიმე ქუჩისთვის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერი მოღვაწეების სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნული ინიციატივების შესახებ ისაუბრა.

„ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენების სათანადო შეფასების აუცილებლობას უკავშირდება. ამასთან, კიდევ ერთხელ მოხდება დეკლარირება იმისა, რომ თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მონაპოვარია“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

„ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე განცხადებები გააკეთეს უმრავლესობის, ოპოზიციის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ლევან ხაბეიშვილმა და ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ეს ინიციატივა მკვეთრად გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს, რაც ვარდების რევოლუციასთან ასოცირდება. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს საკითხი თბილისელებისთვის არ არის მნიშვნელოვანი და საკრებულოს უმრავლესობა პოლიტიკურ დავალებას ასრულებს. ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისის“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევას პარტიული გადაწყვეტილება უწოდა. მისი თქმით, ეს ისტორიის გადახაზვის მცდელობა და პოლიტიკური უკულტურობაა.  აღნიშნული განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა  სხდომა დატოვეს.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ყველა ქუჩის სახელდება უნდა იყოს ქალაქის და ისტორიის შესაბამისი. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება და დღევანდელი შეკრების მიზანი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც ქალაქისთვის სასიკეთო იქნება. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკურ განხილვებში ჩაერთოს და საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს მოუწოდა, განსახილველ საკითხებზე არსებითად იმსჯელონ.

სხდომაზე მოწვეული სტუმრების და მეცნიერების მხრიდან რამდენიმე ვარიანტი გაჟღერდა. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილი ემხრობა წინადადებას, რომ მოედანს დამოუკიდებლობის სახელი მიენიჭოს, რამდენიმე მეცნიერის აზრით კი, უფრო მისაღებია აღნიშნულ ტერიტორიას რესპუბლიკის მოედანი და არა პირველი რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

საჯარო განხილვაზე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 23 მაისს კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რათა გადაწყდეს „ვარდების რევოლუციის მოედანს“ რესპუბლიკის სახელი ეწოდოს, თუ პირველი რესპუბლიკის.

სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის რამდენიმე ქუჩისთვის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერი მოღვაწეების სახელების მინიჭების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები