ადვოკატი 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას 2-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვს

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, 2-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვს.
მისი თქმით, ბრალდების მტკიცებულება, ანუ დანა ჭრილობებთან შეუსაბამოა. სწორედ ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, ის ბრალდების მხარის ექსპერტიზას არ ეთანხმება.
“არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელიც ამაში მონაწილეობდა, საქართველოში აღარ არის და, შესაბამისად, საფრთხე არავის ემუქრება, მათ შორის, არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. აქედან გამომდინარე, დღეს ვიშუამდგომლებ, რომ მას შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს. გირაოს სიმბოლურად 2000 ლარს შევთავაზებ, თუმცა მძიმე ბრალდებაა და დიდი იმედი არ მაქვს, რომ დაკმაყოფილდება.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას არ ჩაუდენია. ბრალდების მტკიცებულება, ანუ დანა ჭრილობებთან შეუსაბამოა. დანა, რომელიც მკვლელობის იარაღადაა ამოღებული, ჭრილობების ზომებს არ ემთხვევა. ამასთან დაკავშირებით დანიშნული გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა, რა კითხვებს გასცემს პასუხს, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ბრალდების მხარის ექსპერტიზას არ ვეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ 33 ჭრილობა ამოღებული იარაღით არაა მიყენებული. გოგონა გარდაცვლილია, დაცემულია, ქვაზე აქვს თავი დარტყმული და ჭრილობათა ძირითადი რაოდენობა ამითია გამოწვეული. თუმცა, ძალიან საეჭვო გარემოებაა ის, რომ გოგონას აქვს გალესილი იარაღით მიყენებული ჭრილობა, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია”, – განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. პოლიციამ, ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები