სკოლის მოსწავლეები ეროვნულ საშენ მეურნეობას ეწვივნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ეროვნულ საშენ მეურნეობას ეწვივნენ, სადაც მეურნეობის სათბურში ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, მათ თვითონვე დააკალმეს და დათესეს მცენარეები, რითაც მიიღეს პრაქტიკული გამოცდილებაც.

მოსწავლეებმა საშენი მეურნეობის ადგილობრივი ველური ფაუნის ორნიტოფერმაში ენდემური სახეობის ფრინველებიც დაათვალიერეს.

ტერიტორიაზე მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში გავრცელებული ენდემური, იშვიათი სახეობის ფრინველთა და ცხოველთა, ასევე ენდემური და განსაკუთრებული ღირებულების მქონე ყურძნისა და ხორბლის ქართული ჯიშების ფოტოსურათები. ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული სახეობებისა და ჯიშების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის მათ მნიშვნელობასა და  ღირებულებებზე.

ბიომრავალფეროვნებისა და ენდემური სახეობების შესახებ დასმულ მოსწავლეების შეკითხვებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და სატყეო პოლიტიკისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა უპასუხეს.

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასა და ბიომრავალფეროვნების ღირებულების, სასიცოცხლო გარემოსთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეცნიერული მიდგომის ჩამოყალიბებას, ცოდნის გარღმავებას გარემოსდაცვით სფეროში.

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვნელობის გაგებას.

2018 წელს ბიომრავალფეროვნების დღის თემად შერჩეულია კონვენციის 25 წლისთავის აღნიშვნა. თემა შეირჩა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლის 25 წლისთავის აღსანიშნავად. საქართველო აღნიშნული კონვენციის მხარე ქვეყანაა 1994 წლის 21 აპრილიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები