“სცენა გოიმობააო” – რა მოხდა ზუგდიდის სკოლაში “ბოლო ზარზე”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება არ ჩატარდა.
როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა დოდო ცქვიტაიამ განუცხადა, გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ სკოლის ეზოში აღნიშნეს.
ამასთან, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ იგი მე-12 კლასის მოსწავლეებისგან ნეგატიურ გაწნყობას გრძნობდა და თავადაც ნაწყენია.
მისი თქმით, ის „ბოლო ზარის“ ღონისძიებას არ დასწრებია.
დირექტორის ინფორმაციით, მასსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა 24 აპრილიდან დაიძაბა, რადგან, მოსწავლეები სკოლაში სასწავლო პროცესს არ ესწრებოდნენ.
„უკვე რამდენიმე კვირაა, სკოლაში არ ცხადდებოდნენ. მესმის, მათ კანონი აძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ეს ხომ ელემენტარული პატივისცემაა დირექტორისა და პედაგოგებისადმი, 24 აპრილის შემდეგ, საკლასო ოთახი არ გაღებულა, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი სკოლაში არ დადიოდნენ და კლასის კარებს ბოქლომი ედო. მათ ნეგატიურ განწყობას ჩემდამი ვგრძნობდი. სხვათაშორის, მათ „ბოლო ზარი“ აღნიშნეს, ისე როგორც სურდათ. სკოლის ეზოში მუსიკაზე იცეკვეს, მერე ერთმანეთს პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს. მე ამ დროს ჩემს კაბინეტში ვიჯექი, არც დავსწრებივარ და არც ხელი შემიშლია. იმიტომ რომ, „ბოლო ზარის“ ღონისძიების დაგეგმვისას, სკოლის დარბაზის და სცენის მოწყობაზე უარი მითხრეს – „ეს გოიმობა, არ გვინდა, რაღა დროს სცენაა“ – ამიტომ „ბოლო ზარი“ ისე იზეიმეს, როგორც თავად სურდათ“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა.
ამასთან, დირექტორი ამბობს, რომ მის მოსწავლეებზე ძალიან ნაწყენია.
„ჩემმა გაზრდილმა მოსწავლეებმა ასე გამოხატეს ჩემს მიმართ პატივისცემა. სხვათაშორის კრება მოვიწვიე და მშობლებს შვილების წარმატება ვუსურვე და მომავალი ცხოვრებისკენ გზა სწორედ იქ დავულოცე“ – აცხადებს სკოლის დირექტორი.
დირექტორისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ მოსწავლეებს. ისინი ამობობენ, რომ ბოლო დღეებში სკოლაში იმიტომ არ დადიოდნენ, რომ მათ კანონი შესაბამისად გამოიყენეს.
“ჩვენ კანონი გვაძლევს თავისუფალი დასწრების უფლებას. დირექტორმა გვითხრა რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საკლასო ოთახს ბოქლომი ედო და ბოლო ზარის დღეს სპეციალურად ჩაკეტა. გასაღები სეიფში შეინახა და კლასის კარები არ გაგვიღო”, – აცხადებენ მოსწავლეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები