სოციალური მუშაობის შესახებ კანონის პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

0

საქართველოს პარლამენტში დღეს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის პროექტი იურიდიულ კომიტეტზე მოისმინეს. მომხსენებლის, სოფო კილაძის შეფასებით, ეს არის სოციალური მუშაობის მთელი სფეროს რეფორმა, რომელიც დიდ სიკეთეს მოიტანს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება როგორც ინდივიდების, ისე ოჯახების და მთლიანად სახელმწიფოს გაძლიერების კუთხით.

დეპუტატის თქმით, იქმნება საკანონმდებლო უნიფიცირებული ჩარჩო, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობები და ღონისძიებები, რაც დაიცავს სოციალურ მუშაკებსაც და ბენეფიციარებსაც.

„კანონი ითვალისწინებს სოციალური გარანტიების შექმნას სოციალური მუშაკებისთვის, რადგან მიგვაჩნია ადამიანები, რომლებიც სხვათა უფლებებს იცავენ, პირველ რიგში თავად უნდა გრძნობდნენ თავს დაცულად”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

დეპუტატის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სისტემის დეცენტრალიზაცია, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმასთან შესაბამისობაშია გაწერილი. იმპლემენტაციის გეგმის წარმატებული განხორციელება კი დიდწილად იქნება დამოკიდებული როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობაზე.

კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი