თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0

თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასების მეთოდოლოგიის -PEFA-ს პროექტის საკითხებში ჯონ შორთთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, ასევე მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე მონაწილეობდნენ.

სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმა. მან მსოფლიო ბანკს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და ჯონ შორთს საკრებულოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ საქართველოში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები მსოფლიოში აღიარებული PEFA-ს სისტემით პირველად შეფასდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსების სწორი ხარჯვა და ბიუჯეტის სწორად მართვა. აღსანიშნავია ის წვლილი და დახმარება, რომელიც მსოფლიო ბანკმა გასწია საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე რეფორმის გასატარებლად. რეფორმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტშიც გრძელდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძე.

საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმარს თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში საკრებულოში მიმდინარე პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა PEFA-ს პროექტის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პროექტის წარმატებისთვის ქვეყანაში არსებული გამოცდილების გაცნობა მნიშვნელოვანია.

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კი ჯონ შორთს კომისიის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის მონიტორინგის მექანიზმებზე ისაუბრა.
მხარეები მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი