ლევან დავითაშვილი ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარიზში,  ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 86-ე გენერალურ სესიას სპეციალური მიწვევით ესწრება. სესიის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან დავითაშვილმა დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE) აქტიურად ვთანამშრომლობთ და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები – ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე, ინერგება ახალი, თანამედროვე სტანდარტები, რაც დადებითად აისახა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა.

გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ყურადღება გამახვილდა ახალ გამოწვევებზე, გლობალიზაციის პირობებში რისკების პრევენციასა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ინტეგრირებულ მიდგომებზე.

გენერალური სესიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან და საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან ერთად, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს მონიკ ელუას შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ეს გადაწყვეტილება არის აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოს   ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები