რას აცხადებს დაკითხვიდან გამოსული ინგა გრიგოლია (ვიდეო)

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, ინგა გრიგოლიას დაკითხვა, გვიან ღამით დასრულდა. გამოკითხვაზე ჟურნალისტის დაბარება მის მიმართ განხორციელებულ მუქარას ეხება.
სამართალდამცველებმა გამოკითხეს გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი ლევან კირვალიძეც, ასევე, TV “პირველის” ოპერატორი, რომელსაც უცნობმა პიროვნებამ ინგა გრიგოლიასთვის განკუთვნილი, მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.
„მინდა გითხრათ, რომ დაიწყო გამოძიება. გამოძიების პირველი დღე იყო ძალიან ხანგრძლივი. პირველ რიგში იყო გასაუბრება, შემდეგ იყო გამოკითხვა. წარვუდგინე მათ წერილი, რომელშიც იყო მუქარა კარების შემომტვრევასთან დაკავშირებით. ასევე, „ფლეშკა“, სადაც მქონდა გადმოწერილი ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან კადრები, სადაც ჩანს, ვიღაც ადამიანი როგორ მოდის და როგორ უტოვებს წერილს ჩვენს ოპერატორს, რომელშიც იყო მთელი ეს მუქარა. დაიწყო გამოძიება და მინდა იმედი დავიტოვო, რომ ამჯერად მაინც დაეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ და ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, ასე ძალადობს ჩემზე აგერ უკვე რამდენი წელია“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ პოლიციას რამდენიმე წლის წინაც მიმართა, თუმცა ეს საჯაროდ არ განუცხადებია.
ჟურნალისტმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, მაინც აღნიშნა, რომ გამოძიებას ყველა ის „ესემესი“ წარუდგინა, რომელიც წლების განმავლობაში უცნობი პიროვნებისგან აქვს მიღებული.
„ჩვენ, საქართველოში, ქალები ახლა და ახლა ვსწავლობთ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას. მე, ადამიანი, რომელსაც საკუთარი გადაცემა მიმყავს, ვარ ასეთი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, სრულიად უცნობი ადამიანისგან, წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში არის უამრავი ქალი საქართველოში.
დღეს არ შეიძლება იმაზე სიცილი, ჰა სად იყავი ამდენი ხანი ინგა გრიგოლია, რომ არ იღებდი ხმას, არ ვიღებდი ხმას იმიტომ, რომ მქონდა იმედი, დამიცავდა სახელმწიფო, და დღეს, როცა უკვე წერილი მივიღე და ჩემთვის უცნობი ადამიანი, რომელიც მაშანტაჟებს და დღემდე ვერ გავიგე რა უნდა ჩემგან და მემუქრება, რომ სახლის კარს შემომიტვრევს, აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტებისთვისაც მეთქვა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგოლიამ.
მისი თქმით, პიროვნება, რომელიც ემუქრება, ამბობს, რომ მისი შვილის მამაა. ჟურნალისტის თქმით, მისი შვილის მამა გარდაცვლილია.
„ეს „ესემესები“ ასახავს იმას, თუ როგორ მადანაშაულებს ჩემთვის უცნობი ადამიანი რაღაც გაუგებარი ქონების გამოძალვაში და როგორ ამტკიცებს, რომ არის ჩემი შვილის მამა, მართლა საგიჟეთში მგონია თავი.
იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გამოიღებს შედეგს გამოძიება და მთელი სიმკაცრით დაისჯება ეს ადამიანი, რომელიც ასეთ სტრესში მამყოფებს.
მე არ ვიცი, ჩემი სახლიდან რომ გამოდვივარ, ქუჩაში, ვიღაც დამხვდება, თავში ჩამარტყავს თუ არა. ამიტომ მოვედი პოლიციაში. მარიამს და ჩემი ოჯახის სხვა წევრებს ნანახი ჰყავთ ეს ადამიანი. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ ადამიანმა იცის ჩემი საცხოვრებელი სახლის მისამართი, იცის ჩემი მშობლების სახლი, იცის სამსახურის მისამართი და გადაადგილება, მე არ მინდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრო. თავიდან მეცინებოდა, მაგრამ ახლა პირდაპირ გეტყვით, მეშინია, ოღონდ მზად ვარ, რომ ბოლომდე დავიცვა ჩემი თავი. არ ვაპირებ, რომ ვიღაცამ სადარბაზოში თავში რაღაც ჩამარტყას, მე თვითონაც დავიცავ თავს, თუკი ეს საჭირო გახდება“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები