ზესტაფონში დასუფთავების მასობრივი აქცია გაიმართა

0

ზესტაფონში ტრადიციად ქცეული დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელსაც საფუძველი რამდენიმე თვის წინ, მერის ინიციატივით ჩაეყარა. ამჯერად შორაპნის ციხის ისტორიული ნაწილი და ციხემდე მისასვლელი სამანქანო გზის მონაკვეთი გაიწმინდა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დასუფთავდა ყოფილი ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაც, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელია განთავსებული, ასევე, რკინიგზის სადგურისა და რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის ორივე მხარე და ქალაქის რამდენიმე ეზო.

დასუფთავების აქციაში ზესტაფონის მერი – კახაბერ მახათაძე, მერიისა და სხვა სამსახურების თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო კომპანიები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს რკინიგზა, წყალმომარაგების კომპანიის ზესტაფონის სერვისცენტრი და მწვანეთა მოძრაობა – „დედამიწის მეგობრები“. აქციის დასასრულს, გამოვლინდა „საუკეთესო ეზო“, რომლის მოწყობისა და გამწვანების ინიციატორები მერმა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

„ჩვენ გვიყვარს და ვზრუნავთ ჩვენს ქალაქზე. აქციის მიზანია, თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, ყველას თანაბრად გვეკუთვნის და მასზე ზრუნვა ჩვენი – ყველას მოვალეობაა“, – აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი