პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თემაზე კონფერენცია გაიმართა

0

“თი ბი სი” ბანკისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე – “პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა – სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები” გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად კორძაძე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან ქვარცხავა და “თიბისი” ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ეგუტია უძღვებოდნენ.

“თი ბი სი ” ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სიტყვის თავისუფლებასთან, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობასა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის უფლების შელახვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კონფერენცია შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების სტანდარტი აშშ-ის კანონმდებლობით და სიტყვის თავისუფლების ფარგლები ჟურნალისტური ეთიკის გადმოსახედიდან. შეხვედრაზე პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილეს.

სხვადასხვა საქმესთან ერთად, ერთ-ერთ პრეცედენტად “თი ბი სი” ბანკსა და „ასავალ-დასავალს” შორის არსებული ოთხწლიანი სასამართლო დავაც განიხილეს. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი – ნატა ძველიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი წარდგნენ. ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას იურიდიული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი