ევროპელი სპეციალისტები ქართველი ექიმებისთვის კოლპოსკოპიის გაღრმავებულ კურსს ატარებენ

0

ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ორდღიანი ტრენინგი – „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) დაიწყო. ტრენინგი ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციისა (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტარდება და მას ქართველი მეან-გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და ონკო-გინეკოლოგები, ასევე, სკრინინგულ პროგრამაში მომუშავე ექიმები გაივლიან.

სატრენინგო კურსს ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის მოწვეული ექსპერტები ფინეთიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან და ლატვიიდან, ამ სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებთან ერთად ჩაატარებენ. თბილისის მერიის ცნობით, სატრენინგო კურსის გახსნაზე მის შინაარსზე და ევროპულ გამოცდილებაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსმა, ნათია ვერძაძემ და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარემ, თამარ ალიბეგაშვილმა ისაუბრეს.

“როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სკრინინგ ცენტრი წელს იუბილარია და დაარსებიდან უკვე 10 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში, ცენტრი ორიენტირებული იყო მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე და მუდმივად ზრუნავდა სპეციალისტების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ საიუბილეო წელს ცენტრი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით ხვდება. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მაღალხარისხიანი სერვისების მიწოდება და სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადება წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტსაც, შესაბამისად, დღეს ჩვენ გვერდით არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ ტრენინგის გახსნაზე.

კურსის მიზანია ქართველი ექიმებისთვის ამ მიმართულებით თანამედროვე ევროპული სტანდარტების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. კურსის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები და ტენდენციები, კოლპოსკოპიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე, ტრენინგის მონაწილეები სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი