ლევან დავითაშვილმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BWZ) წარმომადგენელს, იოჰანეს დოპფელს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა დარგის განვითარებაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობის საკითხს და იოჰანეს დოპფელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, აგრარული დარგის მსგავსად, გარემოსდაცვითი მიმართულებები მთავრობის მიერ პრიორიტეტად განისაზღვრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის შესახებ და ტყის კოდექსის პროექტის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
იოჰანეს დოპფელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისთვის საიმედო და სანდო პარტნიორია და დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. BWZ-ს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით განვითარების სწორი ხედვა აქვს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი