გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2023 წელს საქართველოს სამთო კურორტებზე ბაკურიანსა და გუდაურში თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩატარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„არ შემიძლია, არ მოგილოცოთ ის წარმატება, რომელიც გუშინ საღამოს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ ბაკურიანი და გუდაური ხდება მსოფლიო მიმართულება. ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას და არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ზამთრის მიმართულებებით გახდეს ცნობადი, არამედ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო გადაჰყავს უმაღლეს ლიგაში და ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილეება და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას“, – განაცხადა პრემიერმა.

2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო. საქართველოს მიზანი – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს სენტ მორიცში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

2023 წელს საქართველოში, დაბა ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენაა, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და საქართველოს მთის კურორტებით ტურისტების დაინტერესებას.

კომენტარები

კომენტარი