გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილებს მამიდამ მემკვიდრეობა წაართვა – რა კავშირი აქვს მერაბიშვილ-სალაყაიას წყვილს საქმესთან

გარდაცვლილი ბიზნესმენის, ნოდარ საქუაშვილის შვილები მამის 5-მილიონიან ქონებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების  შემდეგ ელოდებიან.
11-წლიანი სამართლებრივი დავა, რომელიც თელავის საქალაქო სასამართლოში წლების წინ დაიწყო, დღემდე გრძელდება.  პირველი ინსტანციის განჩინება, რომელიც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2018 წლის 23 მარტს გამოიტანა, ბრალდების მხარემ  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის მოსამართლემაც ამ სამართლებრივ დავას წერტილი 1-ელ ივნისს უნდა დაუსვას.

საქმე ეხება გარდაცვლილი ნოდარ საქუაშვილის რამდენიმემილიონიან ქონებას, რომელსაც შვილების ნაცვლად, ბიზნესმენის და, ქეთევან ჯინჭველაძე და მისი ოჯახი თაღლითურად  დაეპატრონა. ეს უკანასკნელი კი, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას ბიცოლაა.

ნოდარ საქუაშვილი, ვარდების რევოლუციის შემდეგ  კახეთში პრეზიდენტის მასპინძელი იყო. მიხეილ სააკაშვილს სანიორეში მასთან წლების განმავლობაში მაღალი რანგის სტუმრებიც ჩაჰყავდა. საქუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში პრივილეგირებულ ბიზნესმენად იქცა, რასაც, დიდწილად, საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოჯახთან საქუაშვილის დის ნათესაობითაც ხსნიდნენ. ნოდარ საქუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, როგორც  გარდაცვლილის შვილები ამბობენ, მთლიანი ქონება ვანო მერაბიშვილის ნათესავებმა დაიტაცეს. 

სახლი, სადაც გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ქორწილი გადაიხადეს, ამჟამად სასამართლო დავის საგანია.

8-ტომიანი, თაღლითობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია.

ცნობისათვის, ბიზნესმენ ნოდარ საქუაშვილს 5 შვილი ჰყავს. მათ შორის 3 პირველი ქორწინებიდან, 2 კი, – მეორე მეუღლისგან.

თუმცა, პირველი ქორწინების მოწმობა, რომელიც ოფიცილურად იყო რეგისტრირებული, გაყალბებული აღმოჩნდა, ხოლო  მეორე მეუღლესთან ბიზნესმენი  უკანონო ქორწინებაში იმყოფებოდა.

ამჟამად,  ბიზნესმენის ნამდვილი მემკვიდრეები ქირით ცხოვრობენ და ერთ-ერთი მათგანი სწავლის გადასახადსაც ვერ იხდის.

ამბავი

ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი 2007 წლის 30 იანვარს გადაიცვალა. შვილები ამბობენ, რომ მამა მოწამლეს და მის სხეულში საეჭვო ნივთიერების შეღწევის გამო, იგი 8 თვეში გარდაიცვალა. აუდიტორული დასკვნით, ნოდარ საქუაშვილის ქონება 5 მილიონად შეფასდა. ბიზნესმენმა,  გარდაცვალებამდე „ქართუ ბანკიდან“  2 მილიონი აშშ დოლარი სესხი აიღო, რომელიც 2011 წლამდე უნდა დაეფარა.

გარდა ამისა, ნოდარ საქუაშვილს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, შეძენილი ჰქონდა 222 691 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თანხის გადახდა, ამ შემთხვევაშიც, ეტაპობრივად.

შვილების ინფორმაციით, მამას სესხის აღებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი ვანო მერაბიშვილი დაეხმარა. ბიზნესმენმა სანაცვლოდ,  ბანკში თელავში, სოფელ სანიორეში არსებული სახლი, კარ-მიდამო და კიდევ რამდენიმე სახის უძრავი ქონება ჩადო.

 შვილები  მამის  გარდაცვალებას სწორედ ამ სესხს უკავშირებენ და საკუთარი ვერსიები აქვთ.

მათი ინფორმაციით, სწორედ მამის გარდაცვალების შემდეგ, ბიზნესმენის 5 მილიონიან  ქონებას  მამიდა დაეპატრონა, რაშიც  ხელი ვანო მერაბიშვილმა და თაკო სალაყაიამ შეუწყო. ამასთან, შვილები თაღლითობის სქემაში ოჯახის ადვოკატსაც ადანაშაულებენ.  მათივე ინფორმაციით, სწორედ ადვოკატის ხელშეწყობით გაუქმდა ნოდარ საქუაშვილის პირველი ქორწინების მოწმობა.

ბიზნესმენის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ  ოჯახის წევრებმა ანდერძი ვერ  იპოვეს.

ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ ქონება პირველი რიგის მემკვიდრეებს, მის მშობლებსა და ხუთ შვილს შორის უნდა განაწილებულიყო.

„რადგან  მამას ბანკის 2-მილიონიანი ვალი ჰქონდა და ქონება ბანკში იყო ჩადებული, ამ ქონების დასაბრუნებლად ვალი უნდა გადაგვეხადა, რასაც ვერ გადავიხდიდით.  შვილები შეგვკრიბეს და გვითხრეს, რომ  ქონების მემკვიდრედ ერთი ადამიანი უნდა დაგვესახელებინა. ქონების დიდი ნაწილი პაპაზე უნდა გადაფორმებულიყო.  ამიტომ წილის გადანაწილების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოგვეწერა და  ქონების დიდ ნაწილს პაპას გადასცემდნენ. ოღონდ, ამ ხელშეკრულებაში მთავარი მიზანი იყო, ის რომ ბანკის სესხი პაპას უნდა დაეფარა. თუ ამას არ დავთანხმდებოდით, შემოგვითვალეს, რომ ბანკი მამაჩემის ცხედარს მიწიდან ამოთხრიდა, რომელიც სანიორეშია დაკრძალული. იძულებულები ვიყავით შემოთავაზებას დავთანხმებოდით. ამ ხელშეკრულებიდან ერთ თვეში, პაპამ მემკვიდრეობა  მიმადაჩემზე,  ქეთევან ჯინჭვალეძეზე გადააფორმა, ისე რომ, ჩვენ, შვილებმა არაფერი ვიცოდით.“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას გარდაცვლილის შვილი ნანუკა საქუაშვილი.

 სწორედ ამის შემდეგ იწყება სამართლებრივი დავა.

ბიზნესმენის შვილებმა, მამიდის თაღლითობის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს და  2008 წლის ივლისში, თელავის პროკურატურას განცხადებით მიმართეს. სისხლის სამართლის საქმე  სსკ-ის 180 -ე მუხლით აღიძრა,  რაც თაღლითობას გულისხმობს.

 რას გულისხმობდა თაღლითობა.

„2007 წლის აგვისტოში ნოტარიუსთან მიგვიყვანეს და ხელი მოგვაწერინეს წილის გადანაწილების ხელშეკრულებაზე. ჩვენ ქონების ძალიან მცირე ნაწილი მივიღეთ და იმითაც ვერ ვსარგებლობთ. დანარჩენი კოსტა საქუაშვილის სახელზე გაფორმდა. გვითხრეს, რომ ეს იყო ფორმალური მხარე და რეალურად ყველაფერი ისევ ჩვენი იქნებოდა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე მამიდა, მისი ქმარი და ადვოკატი თამარ მეტრეველი, რომელიც მათ ეხმარებოდა, გვემუქრებოდნენ, რომ თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერდით, კრედიტის თანხის გადაუხდელობის გამო ბანკის წარმომადგენლები მამას საფლავიდან ამოთხრიდნენ და მთლიან ქონებას ბანკი წაიღებდა, ცხედარს კი ხევში გადააგდებდნენ“ – ამბობს ნანუკა საქუაშვილი.

2008 წლის ივლისში, ქეთევან ჯინჭველაძემ (ნოდარ საქუაშვილის და) ძმისშვილები თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მდებარე სახლიდან გაყარა და ქონებით სარგებლობა აუკრძალა.

ამასთან, გარდაცვლილის  შვილი ამბობს, რომ  მამიდამისი, ქეთევან ჯინჭველაძე სანამ ვანო მერაბიშვილი  თანამდებობის პირი იყო, ბანკში სესხს არ იხდიდა. რის შედეგადაც სესხის პროცენტი გაიზარდა.  გარდა ამისა, ნანუკა საქუაშვილი  წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ თელავის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ვიდრე ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში იყო,  ხელოვნურად ჭიანურდებოდა.

გამოძიების დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, პროკურატურამ ქეთევან ჯინჭველაძესა და კოსტა საქუაშვილს (გარდაცვლილის მამა) ბრალდება წარუდგინა.  დაზარალებულად კი  გარდაცვლილის შვილები დასახელდნენ.

საქმე  თელავის რაიონის სასამართლოს მოსამართლეს მამუკა წიკლაურს დაეწერა. 2013 წლის 19 ივლისს, პროკურორმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 6-დან 9 – წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა ან აღკვეთის ღონისძიების გირაოს გამოყენება 20 000 ლარის ოდენობით.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განჩინებით,  ბრალდებულების მიმართ გამოყენებული იქნა გირაოს სახით 2000 ლარი.

ამის შემდეგ, სასამართლო განხილვა დაიწყო.

თუმცა, მოსამართლემ, სამი წლის განმავლობაში, საქმის განხილვა ისე გააჭიანურა, რომ ბიზნესმენის შვილმა, ნანუკა საქუაშვილმა მოსამართლეს იუსტიციის საბჭოში უჩივლა.

3-წლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლეს უფლებამოსილება შეუჩერდა და 2016 წელს, საქმე ზვიად შარაძეს დაეწერა, რომელმაც საქმის განხილვისთვის სამი თვე მოითხოვა. 3 თვის შემდეგ, ყოფილმა მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა უფლებამოსილება ისევ აღიდგინა და კვლავ საქმის განხილვას შეუდგა.

„ჩემი ინტერესი იყო, რომ საქმე  მამუკა  წიკლაურს აცილებოდა და ადვოკატმა აცილების შესახებ შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. მამიდაჩემმა მითხრა – „ირბინეთ სასამართლოებში, იმდენი ფული მაქვს ჩაყრილი, მაინც ვერ გაიმარჯვებთო. როცა დაიღლებით ჩივილებით, იქნებ შემეშვათო. არადა, მოსამართლე წიკლაური ჩვენ საქმეს არ თმობდა. მამიდაჩემის სიტყვები უფროდაუფრო დამაჯერებელი ხდებოდა“ – ამბობს ნანუკა  საქუაშვილი.მისი თქმით, სასამართლო დავა მიმდინარეობს  გარდაცვლილი ბიზნესმენის კიდევ სხვა უძრავ ქონებებზეც, მათ შორის ძვირადღირებული მანქანები და  შპს  „ავტო გაზი – 1“ ,  რომელიც  ბიზნესმენმა  გიორგი კორახაშვილმა  ბანკის აუქციონის შედეგად შეიძინა.

მას შემდეგ, რაც  ნოდარ საქუაშვილის დაფუძნებული შპს „ავტოგაზი -1“ გიორგი კორახაშვილმა ბანკიდან გამოისყიდა, სახელი გადაარქვა „ნეოგაზი“ გახდა და  40 პროცენტიანი  წილი  გარდაცვლილის დის შვილებს გადაუფორმა.

მრავალწლიანი განხილვის შემდეგ,  თელავის რაიონის მოსამართლემ  მამუკა წიკლაურმა  2018 წლის 23 მარტს განჩინება გამოიტანა.

 სასამართლომ დაადგინა:

„ქეთევან ჯინჭველაძეს არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს“ – ამონაწერი განჩინებიდან.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის განჩინება ბრალდების მხარემ, უკვე თბილისში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 საქმის განხილვა 1-ელ ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები