ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიბარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. ამის შესახებ “კვირას” დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურედან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ბელი იპოვა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელი იპოვეს. ბელს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

მისი ასაკიდან გამომდინარე, ბელის ველურ ბუნებაში გაშვება  მიზანშეწონილი არ იყო. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბელი ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და  ზოოპარკს მიაბარეს”,- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს. რაც  დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ.  ხოლო, როდესაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, მოხდება მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები