კახა კალაძე: ქალაქში ტაქსის პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება

დღეს ჩვენ, ტაქსების თვალსაზრისით, ქალაქში გვაქვს ქაოსი; ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება.

„როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გავაკეთე, ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ, რაშიც ნამდვილად არ ვეთანხმები. საზოგადოების მხრიდან იყო დიდი მხარდაჭერა და ინტერესი. დღეს ჩვენ ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი; ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ. ვიწყებთ ლიცენზირებას, რომ აღვრიცხოთ, თუ რა რაოდენობის ტაქსი გვყავს ქალაქში. არავინ იცის, არ არსებობს ამის სტატისტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო და ა.შ. ეს ყველაფერი აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს. შემდეგი წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტაქსის ფერი, ასევე, უნდა განისაზღვროს ისიც, მარჯვენასაჭიან ავტომობილს ჰქონდეს თუ არა უფლება, ტაქსი იყოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიმართულებაა, რაზეც ვმუშაობთ და გარწმუნებთ, რომ ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები