მიხეილ ყაველაშვილი: კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ახალგაზრდობის მოთხოვნებზეა ორიენტირებული

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტუდენტებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრა გამართა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართული შეხვედრა ახალგაზრდებისთვის კომიტეტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გაცნობას დაეთმო. ღონისძიება, რომელსაც 80-მდე ახალგაზრდა დაესწრო, ინტერაქტიულად, ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით, კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისგან მოისმინოს კომიტეტის სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქტივობების შეფასებები, რადგან ეს დოკუმენტები სწორედ მათი უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
„თქვენთან შესახვედრად ეს ფორმატი ავირჩიეთ, რათა თავისუფალ გარემოში, ღია დიალოგის ფარგლებში მოვისმინოთ ის მოსაზრებები და შეხედულებები, რასაც დღევანდელი ახალგაზრდობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ახალგაზრდობა ის მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელიც კომიტეტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემებს და არ ვმალავთ მათ არსებობას, რაც გუშინ განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ახალგაზრდობის კომპონენტის მიმართ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიულ ხედვებზე ისაუბრა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა ახალგაზრდობის საკითხები, უწყება ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. მისივე განცხადებით, სამინისტრო ორი მიმართულებით – ჯანსაღ ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და სოციალური და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის კუთხით მუშაობს. თეიმურაზ მურღულიამ სამინისტროსა და კომიტეტის კოორდინირებულ მუშაობის ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა და სიახლე ერთობლივი მუშაობის შედეგად მზადდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კულტურის, ახალგაზრდობისა და საინფორმაციო საზოგადოების პროგრამის მენეჯერმა, ნინო სამველიძემ ახალგაზრდებთან გამართული ინიციატივის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება იმ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდული პოლიტიკა ქვეყანაშ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. „კომიტეტის სტრატეგიის მთავარი მოქმედი პირები ხართ თქვენ, ახალგაზრდები და ვფიქრობ, რომ ასეთი ინტერაქტიული შეხვედრები ინფორმაციების გაცვლის კარგი საშუალებაა”, – განაცხადა ნინო სამველიძემ.

პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა თავის მიმართვაში გაეროს განვითარების პროგრამის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა, ნათია ნაცვლიშვილმა. მისი ინფორმაციით, გამოკვლევების თანახმად, ახალგაზრდობის მხოლოდ 10% მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში, რაც მცირე მაჩვენებელს წარმოადგენს და აუცილებელია მათი გააქტიურება და ჩართულობის გაზრდა. მისივე განცხადებით, სწორედ ამისთვის მომზადდა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა ახალგაზრდების საკითხებს მეტი ყურადღება დაეთმოს. „თქვენს წინაშეა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა – წაიკითხეთ, გაეცანით და ჩაერთეთ, რადგან ეს ყველაფერი თქვენთვის გაკეთდა”, – მიმართა ნათია ნაცვლიშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ ახალგაზრდებს.

არაფორმალურ შეხვედრაზე მოხსენებით ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე წარსდგა. მან ახალგაზრდებს საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და მისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ხელი მოაწერა ღიაობის დეკლარაციას და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო. მუდმივმოქმედი საბჭო 15 არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობით ინტენსიურად მუშაობს, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ უკვე მესამე სამოქმედო გეგმაზე ვიწყებთ მუშაობას. ღია მმართველობის პრინციპებიდან მიმართებაში, პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ერთად ვამტკიცებთ სამოქმედო გეგმას და ერთობლივად ვახორციელებთ მის ამოცანებს”, – აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

გამოსვლების შემდეგ ღონისძიება ინტერაქტიურად გაგრძელდა. ახალგაზრდებმა კომიტეტის ხელმძღვანელს და შეხვედრის ინიციატორებს მადლობა გადაუხადეს იმ შესაძლებლობისთვის, რასაც კომიტეტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გაცნობა და მასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა წარმოადგენდა. ახალგაზრდები რამდენიმე მიმართულებით დაინტერესდნენ და სხვადსხვა ინიციატივები წარმოადგინეს. მათ ინტერესის სფეროს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: სპორტის გაძლიერება, ახალგაზრდებში მეტი ფინანსური რესურსის ინვესტირება, ახალგაზრდული საბჭოების ჩამოყალიბება, კომიტეტთან მუდმივი კომუნიკაცია და ახალგაზრდობის შესახებ ცალკე კანონის მომზადება. შეხვედრაზე შეკრებილი ახალგაზრდების შეკითხვებს ღონისძიების მონაწილეებმა უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები