ეკა ლალიაშვილი: ავტომობილებში, ბავშვთა უსაფრთხოების მხრივ, საბავშვო სავარძლების შემოღება აუცილებელია

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემები იმედის მომცემი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფატალური შედეგების თვალსაზრისით, შარშანდელი მონაცემების მსგავსია.
ეკა ლალიაშვილმა ავტომობილში ბავშვთა უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საბავშვო სავარძლების შემოღება აუცილებელია.
“გუშინ, პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოადგინა ის მონაცემები, რაც გვქონდა შარშან, ქულათა სისტემის გატარების შემდეგ და რაც გვაქვს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. გზებზე დაღუპულობა შარშანდელი მონაცემებით 12%-ით შემცირებულია, ამ რეფორმის გამო. ხოლო ამ წლის პირველი სამი თვის მონაცემები მაინც და მაინც იმედის მომცემი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ფატალური შედეგების თვალსაზრისით, შარშანდელი მონაცემების მსგავსია. საგზაო უსაფრთხოებას მუდმივად სჭირდება კონტროლი, ბავშვთა უსაფრთხოების საკითხი არაა კანონში გაწერილი, ამიტომ ბუნებრივია ადმინისტრირებაც ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დავაყენეთ გუშინ შეხვედრაზე, რომ შემოვიღოთ საბავშვო სავარძელი. მოზარდების დაღუპვის შემთხვევები, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს 35%-ით იყო გაზრდილი.
ჩვენ ვთავაზობთ, ჩვენს მოქალაქეებს, რომ იზრუნონ თავიანთ ბავშვებზე. საბავშვო სავარძელი დაახლოებით 60-70%-ით იცავს ბავშვს, ისევე, როგორც ღვედის გამოყენებაა აუცილებელი. ამ საკითხს შესწავლა სჭირდება და შემდეგ უკვე, – საკანონმდებლო ინიციატივის სახის მიცემა”,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საგზაო შემთხვევა რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა დღესდღეობით კონკრეტული შემთხვევის საფუძვლიანად შესწავლა არ ხდება და შესაბამისად, სტატისტიკაც ზედაპირულია.
“საგზაო შემთხვევა როდესაც ხდება, აქ მიზეზი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე. დღეს არ ხდება კონკრეტული საგზაო შემთხვევის საფუძვლიანად შესწავლა, სწორედ ამიტომ, არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, რა არის გამომწვევი მიზეზი. დღესდღეობით, მთლიანი პასუხისმგებლობა გადადის მძღოლზე და სტატისტიკა გვაქვს ზედაპირული, რაც შეიძლება, მხოლოდ გარეგნულად ჩანდეს”,-განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები