მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა.
ექსპოზიცია საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში მოღვაწე პირებს, საქართველოს პირველ ელჩებს და ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე უცხოელ პოლიტიკოსებს ეძღვნება.
„აღნიშნული გამოფენა ემსახურება ქართული დიპლომატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოგეხსენებათ, რომ 1918 წელს ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ქართულ დიპლომატიას. მაშინ, რა თქმა უნდა ჩვენი რესურსები იყო მწირი, მაგრამ ჩვენი დიპლომატები ყველაფერს აკეთებდნენ, იმისათვის, რომ საქართველოს ახლადშექმნილ დემოკრატიულ რესპუბლიკას თავი დაემკვიდრებინა საერთაშორისო მასშტაბით, უზრუნველეყოთ სახელმწიფოში მაღალი დონის სტუმრების ჩამოსვლა, ასევე ჩვენი სახელის და ჩვენი პოზიციების ინტერესების გატანა ქვეყნის გარეთ. მათ ამ მოკლე ვადაში შეძლეს წარმოუდგენელი და ეს ასახულია ძალიან ბევრ შესაბამის დოკუმენტში, აღიარებულია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პროგრესულობა, დემოკრატიულობა, შესაბამისობა საუკეთესო დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს ჩვენი დიპლომატებისთვის იყო ერთ ერთი ძალიან მნიშვნელობანი ინსტრუმენტი, რომელსაც ისინი წარმატებით იყენებდნენ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ტრადიციებზე დაფუძნებით, ქართული დიპლომატია მომავალშიც გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესის შესაბამისად”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ირემაძემ.
გამოფენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის თანაორგანიზებით გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მასპინძლობს, მათ შორისაა საგარეო უწყების და ქართული დიპლომატიის შესახებ ისტორიული საარქივო მასალების გამოფენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები