“ავსტრიული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ მიმართულ ძალისხმევას”

2018 წლის 7 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტი საქართველო-ავსტრიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ევროკავშირის საბჭოში ავსტრიის მოახლოებული თავმჯდომარეობის წინ (2018 წლის 1 ივლისიდან) მხარეებისათვის აქტუალური და პრიორიტეტული საკითხების განხილვას ემსახურებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრები გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარტთან, ფედერალური კანცელარიის ევროკავშირის სექციის ხელმძღვანელთან ალექსანდერ შალენბერგთან და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან პეტერ გოლდგრუბერთან.
აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები და გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული აქტუალური თემები.
ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგას და ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, ავსტრიასთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა. ავსტრიის ევროკავშირში მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ავსტრიულ მხარეს დეტალურად გააცნო ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პრიორიტეტები, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივები და ამ პროცესში შემდგომი მხარდაჭერა სთხოვა.
მინისტრის მოადგილემ ავსტრიულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, ასევე ეთნიკური წმენდის პოლიტიკას, რომელსაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. აღნიშნა, რომ ამ ფონზე საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორების და მთლიანად, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზაცია არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი ქვეყნის პოზიციას, რომელსაც შეუძლია ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის სულ უფრო მჭიდრო კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით.
ავსტრიის ფედერალური მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ავსტრიულმა მხარემ დაადასტურა მზაობა ხელი შეუწყოს ქვეყნის ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამასთანავე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. ავსტრიული მხარე დადებითად გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ოპერატიულ ნაბიჯებს შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ორმხრივი ურთიერთობების კუთხით მხარეებმა აღნიშნეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების შემდგომი ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, განვითარების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, დადებითად შეფასდა ცალკეული მიმართულებებით გამოკვეთილი პოზიტიური დინამიკა, რაც კონკრეტულ, მიმდინარე თუ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში პოვებს ასახვას.
ავსტრიულ მხარესთან ასევე ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ასპექტებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ვენის დიპლომატიურ აკადემიაში ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე – “EU and Eastern Partnership: going beyond association?”. ღონისძიებაზე, რომელსაც ექსპერტები, სტუდენტები და ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობასა” და იმ დადებით სარგებელზე, რომელიც ამ ინიციატივამ მოუტანა საქართველოს, ასევე ქვეყნის მიერ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებებსა და გამოწვევებზე. მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო ქართული მხარის ხედვა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან და გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს. ღონისძიების დასასრულს მან დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
სამუშაო ვიზიტის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა აგრეთვე ეუთოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროაკვშირის წარმომადგენლებს ეუთო-ს ფარგლებში მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები