მიხეილ გიორგაძე: ძიუდოს ფედერაციაში სიტუაცია მწვავეა და საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციაში სიტუაცია მწვავეა და საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა იმ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მასსა და ფედერაციის სპორტსმენებს შორის გაიმართა.
გიორგაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც არ განხორციელებულა კონკრეტული ცვლილებები და სპროტსმენებს არ მიუღიათ რამე ტიპის დაპირება. მინისტრის განცხადებით, ის ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში არ იქნება, ხოლო ოფიციალური ვიზიტების დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდება სპორტსმენებს, ასევე, ძიუდოს ფედერაციასა და ფედერაციის პრეზიდენტს.

„საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ის საკითხები, რაზეც სპორტსმენებმა ისაუბრეს, სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. ორი დღე არ ვიქნები საქართველოში, თუმცა დავალებები უკვე გავეცი ამა თუ იმ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით. დაბრუნების შემდეგ კიდევ გვექნება შეხვედრა, რათა საკითხის განხილვა მოხდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია და არც დაპირებები გაგვიცია“, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს ძიუდოს ფედერაციის სპორტსმენთა ნაწილმა ფედერაციასთან აქცია გამართა. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა. ძიუდოს ფედერაციაში ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული, თუმცა ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას ყრილობის ჩატარებამდე დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები