„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს წარუდგინეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში შეკრებილ ადგილობრივ  მოსახლეობას „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

კონსტანტინე ხუცაიძის განცხადებით,  სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.

დადგენილი კრიტერიუმებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად, რაც  ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1.5 ჰა-ს და არაუმეტეს 4ჰა-ს შეადგენს. კოოპერატივები თანადაფინანსებით მიიღებენ საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო  აღჭურვილობას ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge მიმდინარე წლის  1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გასულ წელს პროგრამაში 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან   29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები