აკაკი ზოიძე: მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენონ ნარკოტიკული საშუალებები

„ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება“, – აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

ამასთან, დეპუტატი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალებები.

„ნარკოტიკი კლავს და დღეს, იმ სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერება შემოსულია ბაზარზე, კლავს არა წლების მერე, არამედ დაუყოვნებლივ, საათების განმავლობაში. ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აქვს. ჩრდილოეთ ამერიკაში ათი ათასობით სიკვდილი არის დაკავშირებული ამ ახალ საშუალებებთან, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ ერთი ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება, ადამიანი მოკლას. ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ და ამის შედეგად ბევრი ადმიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები“, – აცხადებს ზოიძე.

ზოიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირეულ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და
მუშაობა რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება.

„ცხოველი დისკუსიები მიდის ამასთან დაკავშირებით. გაყოფილია აზრი. ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან, ეს ასევე იწვევს საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს დამოკიდებულება, მათ შორის მომხმარებელთა მიმართ. ამ ვითარებაში აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. ალბათ, შემდეგი რამდენიმე კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება, რომ დაინერგოს. ჩემი პირადი აზრით და ასევე, იმ ბევრი ადამიანის აზრით, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი. უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით“, – განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ახალი ნარკოტიკი გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რათა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დანერგვას ხელი შეუშალოს, ზოიძე აცხადებს, კონსპირაციული თეორიების მომხრე არ არის, მაგრამ თუ ასეთი რამე ხდება, შს სამინისტროს გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„თუ ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლე ღირს იმად, რომ ვიღაცამ რაღაც პრინციპები დაამტკიცოს, ასეთი ქმედების დახასიათებაც არ შემიძლია, რა შეიძლება ამას ეწოდოს“, – დასძინა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები