პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა, რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის” პროექტის დეტალებზე იმსჯელეს

“ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ტურიზმის შემდგომი განვითარებისა საქართველოში. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ პროექტი იწყება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ადგილი მთელ საქართველოში და მთელ რეგიონში. ეს იქნება უდიდესი ბიძგი მთის ტურიზმის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, მოიზიდავს უამრავ ტურისტს, რომლებიც ეზიარებიან იმ უნიკალურ კულტურას, რასაც ჰქვია საქართველო, რასაც ჰქვია სვანეთი და ამ ყველაფრის პარტნიორი იქნება რაინჰოლდ მესნერი, ადამიანი, რომლის სახელიც ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით”,- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „კავკასიის მთის ცენტრი“, რომლის მშენებლობაც სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, ზურულდზე იგეგმება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა, რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მესნერი წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი“ სწორედ ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება. ცნობილი ალპინისტი, გასულ წელს, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ქართულ მთებს სივრცითი დაგეგმარების ექსპერტებთან და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამჯერად, რაინჰოლდ მესნერი სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლისთან ერთად დაათვალიერა, რის შემდეგაც პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად იმსჯელა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „კავკასიის მთის ცენტრი“ იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მთამსვლელებისთვის და საქართველოში ამ მიმართულების სამომავლო განვითარებისთვის.
„ჩვენ ვიწყებთ პროექტს – კავკასიის მთის მუზეუმს. მუზეუმი დაპროექტდება საუკეთესო არქიტექტორის მიერ. რაინჰოლდ მესნერს ვიზიტისას, თან ახლდა – ვერნერ ჩოლი. იგი გახლავთ იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი, რომელიც ასევე, გახლავთ 2016 წლის – წლის არქიტექტორი. მის მიერ დაპროექტდება მუზეუმი და ის იქნება მესნერის მუზეუმების ქსელის პარტნიორი მუზეუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის მასშტაბით მის ყველა მუზეუმში მისული სტუმარი მიიღებს ინფორმაციას მესტიის შესახებ, სვანეთის შესახებ და საქართველოს შესახებ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაინჰოლდ მესნერის თქმით, პროექტი დიდი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მოექცეს მსოფლიო ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რისი პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.
„კავკასიის მთის ცენტრი“ მთელ მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანისა და მთის ურთიერთობების შესახებ. მშენებლობას ჩვენ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დავიწყებთ. თქვენი ბუნება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიში, განსაკუთრებით უშბა – უმნიშვნელოვანესი მთა ალპინიზმის ისტორიაში. თქვენი მთები იდეალურია ალპინიზმისა და სამთო ტურებისთვის. ვფიქრობ, კავკასიის მთები მალე არაფრით ჩამოუვარდება ალპებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალპინისტების, სამთო ტურების მოყვარულების ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით”, – აღნიშნა მსოფლიოში ცნობილმა ალიპინისტმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მთავრობის მეთაურმა მესნერის წინა ვიზიტიც გაიხსენა და „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტს უნიკალური უწოდა.
„მე პროექტის მესნერის ხელით დახაზული სქემაც მაქვს შენახული. ეს არის მუზეუმი, რომელიც ყველა მხრიდან გახსნილია და მისი ყველა მიმართულებიდან ჩანს უნიკალური ხედები. აბსოლუტურად ჰარმონიაშია მთებთან, განსაკუთრებით, უშბასთან. მდებარეობს მაღლა, მთაში, სადაც მისასვლელი საბაგირო გზითაა. რა თქმა უნდა, საავტომობილო გზაც არის. ამ მუზეუმიდან ჩანს ყველაფერი და ეს მუზეუმი ჩანს ყველა მხრიდან, ასე რომ, მართლაც უნიკალური პროექტია და ძალიან მიხარია ამ პროექტის დაწყება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა, ცნობილმა ალპინისტმა და არქიტექტორმა „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტის დეტალები პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან და მთის დამგეგმავთან, გიორგი გოცირიძესთან ერთად განიხილეს. შეხვედრას ასოციაციის – „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელიც ესწრებოდა. ქართულ მთებთან ერთად, მესნერი განსაკუთრებულად სწორედ ქართული ღვინის უძველესმა კულტურამ დააინტერესა.
რაინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა. ალპინისტმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა.
მესნერი პირველია, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე, იყო ევროპარლამენტის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები