მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპული სახელმწიფო და ევროპული ოჯახის, ევროპული ცივილიზაციის ნაწილია

ევროპა როგორც საქართველოს არჩევანი და ევროკავშირი როგორც უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო თავისუფლება, მშვიდობა, თითოეული მოქალაქის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატია – ეს ის თემებია, რომლებზეც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ევროპის დღეების” ოფიციალურ გახსნაზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროპულ კუთვნილებაზე და ევროპასთან ღირებულებით კავშირზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო ევროპული სახელმწიფო და ევროპული ოჯახის, ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, ხოლო ევროკავშირის ღირებულებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ინტერესებთან და ფასეულობებთან, რაც მის წევრობას რეალურს და შეუქცევადს ხდის. „საქართველო ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია, როგორც ევროპული ინტეგრაციის ლიდერი და ასევე როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით” – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „არასდროს საქართველო არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ ინტეგრაციული პროცესით და ყველა სხვა მიმართულებით, როგორც დღეს არის”. თუმცა, ჯანელიძის თქმით, აქ არ მთავრდება საქართველოს ევროპული გზა: „ საქართველოს ევროპული გზა მიდის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, და ამისათვის არსებობს მხარდაჭერა საზოგადოებისა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან”.

სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად საქართველო მნიშვნელოვანი რეფორმების გზას გადის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროკავშირთან სექტორალურ დაახლოებას და ეკონომიკის მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზართან.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ევროპისა და ევროკავშირის, როგორც უალტერნატივო საგარეო კურსის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ „დღეს ევროპული მომავალი და ევროპული ინტეგრაცია ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, და მთავრობა მუშაობს ევროკავშირისკენ მიმავალ საგზაო რუკაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას და წარმატებულ სვლას ევროპისკენ”.

თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირში მიმდინარე პროცესებსა და გაფართოების პერსპექტივებსაც შეეხო. მისი თქმით, „საქართველოსთვის სასიხარულოა ის წარმატებები, რასაც დღეს ევროკავშირმა მიაღწია და ის ამბიციები, რომელიც მას აქვს როგორც გაფართოების, ისე სამეზობლოში მეტი სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად”.

5 მაისს, რიყის პარკში საქართველოში ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა” და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.

„ევროპის დღეები 2018″ 22 მაისამდე გაგრძელდება. მისი მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისა და მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები