ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფილიპინებში ვიზიტისას, იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი მიმოიხილეს, განიხილეს იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა. როგორც აღინიშნა, ორი ქვეყანა ასევე აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ტურიზმის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა იმ ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რომელთა საშუალებითაც იაპონიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს, ესენია: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ( JICA), რომლის საშუალებითაც იაპონიის მთავრობა ახდენს სასესხო ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე, იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის (ODA) ფარგლებში განხორციელებული საგრანტო და ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომლებიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ინფრასტრუქტურის სექტორში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას. აღსანიშნავია, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე, წელს იწყება ერთ-ერთი რთული მონაკვეთის (შორაპანი-არგვეთა) მშენებლობა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული წარმატებული თანამშრომლობა იძლევა კარგ საფუძველს, რომ მომავალში საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში კიდევ უფრო გაღრმავდეს და დინამიკურად განვითარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები