მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის წარმატება, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს

„ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო ევროპულ კავშირში, ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის წარმატება, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს“, – ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპული დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ეს არის დღე, რომელიც აღნიშნავს მრავალეროვნებაზე დაფუძნებულ ერთობას, თავისუფლებას და მშვიდობას. ევროკავშირი – ეს არის უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და მისი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის უპირატესობა. ეს არის უნიკალური, თავისი განვითარებით. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო ევროპულ კავშირში, ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის წარმატება, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს, როგორც გაფართოების, ასევე, სამეზობლოში მეტი სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ევროპასთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ყველა სხვა მიმართულებით ისე ახლოს, როგორც არის დღეს.

“ჩვენ დღეს ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. ჩვენ აღიარებული ვართ ევროკავშირის მხრიდან, როგორც ლიდერი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ასევე, როგორც უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პარტნიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში, მაგრამ აქ არ მთავრდება საქართველოს ევროპული გზა. ჩვენი ევროპული გზა მიდის ევროკავშირის სრულ წევრობამდე. ამისათვის არსებობს სრული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან. ყველა ერთიანია იმ პროცესში, რომელიც საქართველოს ამ მიზანთან კიდევ უფრო მეტად აახლოებს. დღეს უკვე ჩვენი ევროპული მომავალი ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში. მე ვუსურვებ ევროპას სიძლიერეს, თავისუფლებას, განვითარებას, გაფართოებას და მშვიდობას”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები