კახა კალაძე: ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მსოფლმხედველობით, მრავალფეროვანი კულტურით და ისტორიით

„ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მსოფლმხედველობით, მრავალფეროვანი კულტურით, წარსულით, ისტორიით და ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისის მერმა კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ძალიან კარგია, რომ საქართველოს დედაქალაქს მიეცა შესაძლებლობა, ევროპული დღეები აღნიშნოს.

“ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, თუ რა არის ჩვენი მიზანი, სწრაფვა – ეს არის იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა ჰქვია. მე მესმის, რომ ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, ბარიერების გადალახვას და საბოლოოდ, მივაღწევთ შედეგს – გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია.

ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ და ამის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ევროპის ქვეყნებში გადაადგილება, ქართული პასპორტით, ყოველგვარი ვიზების გარეშე, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მსოფლმხედველობით, მრავალფეროვანი კულტურით, ჩვენი წარსულით, ისტორიით. ქართველები ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ, სწორედ ამით ვართ ჩვენ საინტერესო ყველასთვის”, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლა ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვებით დაასრულა – ” მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები