ირაკლი ლექვინაძე: ყველა რეგიონში და მათ შორის, აჭარაშიც, აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე რეგიონებში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ბიზნესომბუდსმენის ოფისმა ბიზნესსექტორთან რეგიონული შეხვედრები გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში უკვე გამართა. დღეს კი ირაკლი ლექვინაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესსექტორის 200-მდე წარმომადგენელს შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ის ბიზნესმენებს დეტალურად აცნობს იმ საკომუნიკაციო მექანიზმებს, რითიც კერძო სექტორს ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირება და მისგან მხარდაჭერის მიღება შეუძლია. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა პრობლემური საკითხების შესახებ კითხვები დასვეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონებში შეხვედრებს და დღეს აჭარის რეგიონის მეწარმეებს შევხვდით. რეგიონული შეხვედრები და ადგილობრივი ბიზნესის პრობლემატიკის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესმენებს გავაცანით ჩვენი შესაძლებლობები და ის, თუ რას აკეთებს ბიზნესომბუდსმენის ოფისი მათ მხარდასაჭერად. გვქონდა საკმაოდ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმი. მეწარმეებმა ისაუბრეს ბიზნესის კეთების პროცესში მათთვის პრობლემურ საკითხებზე. ბიზნესმენებმა გამოყვეს სოფლის მეურნეობის სფერო და ის თემები, რომლებსაც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები სჭირდება. ვისაუბრეთ ქონებისა და დაბეგვრის საკითხებზე. ამასთან, ყველა რეგიონში და მათ შორის აჭარაშიც, აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა. არსებობს ძალიან ბევრი ბიზნესიდეა და პროექტი. ვფიქრობ, რომ თუ იმ პროგრამების მიხედვით, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაიზრდება ფინანსებზე წვდომა, ეს კიდევ უფრო მეტად აქტიურს გახდის ადგილობრივ ბიზნესს. საკითხების წრე იყო საკმაოდ მრავალფეროვანი. ნაწილზე დღესვე მოვახერხეთ პასუხების გაცემა და რეაგირება, ნაწილზე კი უკვე სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ

ბიზნესომბუდსმენის ოფისის რეგიონული შეხვედრების მიზანი რეგიონებში კერძო სექტორთან ომბუდსმენის ოფისის კომუნიკაციის კიდევ უფრო გააქტიურება და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მათი მხრიდან შეხვედრებზე დასმული საკითხების მიხედვით, რეგიონებში დღეს ბიზნესის წარმოების პროცესში არსებული კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებაა.

შეხვედრები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენის ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები