ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: ბრიტანეთის მთავრობის მითითებით, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდი, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა შეეწყვიტა!

თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ტელეკომპანია „იბერიას“ საქმის განხილვა ორი წელია მიმდინარეობს, ჩვენება ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, დონალდ მაკლარენმა მისცა. როგორც მოგვიანებით დიპლომატმა ინტერვიუში აღნიშნა, 2004 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ ზურაბ ჟვანიასა და იუსტიციის მაშინდელ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან
„ომეგა ჯგუფზე“ უკანონო ქმდებების აღკვეთის მიზნით, აქტიურ კონსულტაციებს ბრიტანეთის მთავრობის დავალებით აწარმოებდა.

„მოხარული ვარ, რომ სასამართლოში მოწმედ დამიძახეს,
იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, როგორც საქართველოს მართლმსაჯულებისთვის, ასევე, ბიზნესგარემოსა და ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, 2004 წლის მოვლენები წარმოადგენს მაშინდელი სამთავრობო ქმედების კონკრეტულ დონეს.

იმ დროს ელჩი ვიყავი. აქ 2004 წელს ჩამოვედი, სამი წელი დავრჩი და თვალყურს ვადევნებდი მაშინდელ მოვლენათა განვითარებას.

2004 წელს ძალიან ბევრი რამ მოხდა არასწორად: ვნახეთ ზეწოლა ბიზნესზე, ვნახეთ მთავრობის ცუდი ქმედებები, ჩვენ ვნახეთ ძალადობა. მე ამის მოწმე ვარ და მომეცა საშუალება, ვთქვა ის, რაშიც მე ვიყავი ჩართული. ჩემი მთავრობის მხრიდან ვიღებდი მითითებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდი, რომ აღნიშნული ქმედებები უნდა შეეწყვიტა. კერძოდ, საუბარია ქარხანაში განვითარებულ რეიდებზე, თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე, იარაღისა და ნიღბების გამოყენებაზე. ეს იყო აღმაშფოთებელი ქმედებები მაშინდელი მთავრობის მხრიდან.

სწორია, რომ ახლა ამ საქმეების იხსენებს და სათნადოდ იკვლევს პროკურატურა, თუმცა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ საქმის აქამდე მოყვანას. ვიმედოვნებ, რომ დიდი საქმის განხილვაც მალე დაიწყება, ანუ არა მხოლოდ ტელეკომპანია „იბერიას“ საქმის, არამედ იმ მოვლენებისაც, რომლებიც მთლიანად „ომეგა ჯგუფს“ ეხება და იმედია, რომ ეს პროცესი დიდი ხნით არ გადაიდება“, – აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, დონალდ მაკლარენმა ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან ტელეკომპანია „იბერიას“ მისცა.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები ჭინურდება და თითქმის 2 წელია მიმდინარეობს. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.

„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ორი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა. „იბერიას” საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 მასისს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები