საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ

„არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძიუდოს ნაკრების წევრებისთვის შეჯიბრებებზე ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა, თუმცა, ნაკრებს ფედერაციისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.
„საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფით, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით, საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და ამ სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო, ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი, რაც დასტურდება მისი ექვსწლიანი მმართველობითა და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს – ფედერაციის მხარდაჭერით. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ არასოდეს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია, სხვადასხვა გზებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდოს ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება. ავთანდილ ჭრიკიშვილი წუხელ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში“, – აცხადებენ ძიუდოისტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები