კომისიამ, მედია წიგნიერების პროექტი ჟურნალისტებისთვის, ცნობილი მედია მენეჯერის მასტერკლასით დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო.
როგორც „კვირას“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიამ მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ამერიკელი მედია ექსპერტი, Long Island University-ის პროფესორი მიჩ სემელი მოიწვია, რომელმაც დღეს ქართველი ჟურნალისტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.
მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ გავლენიან მედია საშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორიც არის CNN-ი, CBS და Public Broadcasting Service.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მედია წიგნიერების განვითარებისთვის, უახლოეს მომავალში მედია აკადემიას დააფუძნებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განუცხადა. მისი თქმით, მედია აკადემიის დაფუძნების მიზანი და ამოცანა ქვეყანაში მედია წიგნიერებისა და ცნობიერების დონის ამაღლებაა.
კომისია მედია წიგნიერების განვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.
პირველი კომპონენტი, რომელიც მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში ამუშავდება, იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის.
კურსის მიზანია, მედიის წარმომადგენლებს, მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.
მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი იმის გასარჩევად, თუ როგორ მედია პროდუქტს მოიხმარენ.
მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება. მაშინ, როცა ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ, რომელია ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე – არა თუ მომხმარებელს, არამედ, კომისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია მომხმარებელს დაეხმარონ ნამდვილი და ცრუ ამბების, ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტის გარჩევაში.
მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მედია ლაბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას.
სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები.
კომისიის თავმჯდომარემ, დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თანამედროვე ეპოქაში, ხარისხიანი და კარგი მედია პროდუქტის შესაქმნელად ერთადერთი ინსტრუმენტი მედია წიგნიერების განვითარებაა.
მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა და კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა, რომლიც – ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებას მოიცავს.
ამერიკელი მედია ექსპერტი მიჩ სემელი საქართველოში კომისიის მოწვევით ორი კვირით ჩამოვიდა და მედიის წარმომადგენლების გარდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლებისთვის 2 კვირიანი ტრეინინგი ჩაატარა.
მედიის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი 4 მაისსაც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები