ირაკლი სესიაშვილი: საგანგებო სიტუაციების მართვის მოდელი მარტივი და საიმედო უნდა იყოს

პარლამენტის თავდაცვსა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დაგროვილი პრაქტიკის მიხედვით, აუცილებელია სახანძრო ზედამხედველობის სტანდარტების გაუმჯობესება. ამის შესახებ სესიაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით “ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის”.

სესიაშვილის თქმით, მეხანძრე-მაშველებს სჭირდებათ ახალი ტექნიკა, უკეთესი სამუშაო პირობები და საზოგადოების მხარდაჭერა.

“მათ შორის, ბოლო წლებში დაგროვილმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგეგმილ რეფორმებში სწორ აქცენტებს აკეთებს. მისასალმებელია ასევე ის, რომ სამაშველო სამსახურების საქმიანობაში ჩაერთვებიან ის წვევამდელები, რომლებიც ალტერნატიულ შრომით სამსახურში იქნებიან გაშვებული. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე სამაშველო საქმიანობაში, მეორე მხრივ კი, მიზნობრივად მოხდება ალტერნატიული შრომითი სამსახურის რესურსისა და პოტენციალის სწორად გამოყენება. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ დელტას ბაზაზე ჩვენ დავიწყებთ სახანძრო ტექნიკის წარმოებას, რაც განაახლებს როგორც ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ასევე, ვფიქრობ, შესაძლებელი გახდება ასეთი პროდუქციის ექსპორტზეც გაყიდვა”,-აღნიშნა სესიაშვილმა.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მოდელი “ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები