პრემიერი: ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, მათ შორის „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი დაინერგება.
როგორც მან განმარტა, სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები დეტალურად იმიჯნება და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად, პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც გარკვეულ სიტუაციებში.
„დღეს განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას და უფრო მაღალეფექტურია. ასევე, არის უფრო გამარტივებულიც. დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად, პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში. ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. მისივე ინფორმაციით, ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
“სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“, რომელიც მსოფლიოში ლიდერია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოებაში. „როზენბაუერი“, ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად, დაიწყებს ერთობლივ ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოებას. ეს იქნება პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები, რომელსაც ექნება „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს ასეთი ტიპის მანქანების გამართული წარმოება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები