გიორგი კვირიკაშვილი: მედიის წარმომადგენლებს გილოცავთ თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა. პრემიერის თქმით, 2011-2012 წლებში, პრესის თავისუფლების შეფასების კუთხით, საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რეიტინგში საქართველოს 105-ე ადგილი ეკავა, დღეს კი 61-ე ადგილზეა.
„3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. მინდა, მოგილოცოთ მედიის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით.
საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ ცვლილებას ძალიან დადებითად აფასებს. 2011-2012 წლებში, პრესის თავისუფლების შეფასების კუთხით, ამ ყველაზე მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის რეიტინგში საქართველოს 105-ე ადგილი ეკავა, დღეს კი 61-ე ადგილზე ვართ. სხვათა შორის, ვუსწრებთ არაერთ ევროპულ სახელმწიფოს და მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაცია.
ვფიქრობ, ეს არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება უნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სამი საფეხურით კიდევ უფრო მაღლა, 64-დან 61-ე ადგილზე გადაანაცვლა საქართველო, რაც უდავოდ ძალიან კარგია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი და კარგი იქნება, თუ მეტ პოზიტიურ თემას გააშუქებენ.
„მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს – ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი. ხვალინდელი დღის იმედი არის აბსოლუტურად მატერიალური. ის ამოძრავებს ეკონომიკას, ინვესტიციებს, ადამიანებს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოლოდინები არსებობდეს, მით უმეტეს, რომ მათ ამისთვის აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები