თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კართან, ხელყუმბარა აღმოაჩინეს

თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კართან, ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. მისი ინფორმაციით, მეზობელმა მესამე სართულზე კართან ხალიჩაზე შეამჩნია ხელყუმბარა, რომელსაც “კალიცო” მოხსნილი ჰქონდა.
“შოკში ვარ. რომ არა ჩვენი მეზობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა, – არ ვიცი რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე, კართან, ხალიჩაზე ყუმბარა. “კალიცო” მოხსნილი იდო, რომ ვინმეს ფეხი გაეკრა და აფეთქებულიყო. ჩემი შვილები ლიფტით არ დადიან და ყოველდღე ჩაირბენენ იმ ადგილს. წარმოიდგინეთ, იმ ადგილზე ბავშვს რომ გაევლო, იმ კაცამდე, ან იმ სახლის მაცხოვრებელს რომ დაესწრო გარეთ გამოსვლა. ძალიან ცუდად ვარ ამაზე ფიქრით! ბავშვებს რამდენიმე წუთით დაასწრო ზურამ გარეთ გამოსვლა და კიბეებზე ჩამსვლელები უკან სახლში მოაბრუნა. პოლიცია და “კრიმინალური” ოპერატიულად მოვიდა და ახლაც მუშაობენ. აუცილებლად უნდა მიაგნონ იმ ცხოველს – ვინც ასე იმეტებს ხალხს და სამუდამოც ცოტაა მისთვის”, – წერს ნათია კუპრაშვილი.
ხოლო რაც შეეხება ბინას, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს, არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის.
ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები