ზურაბ ზვიადაური: ქართულ ძიუდოში პრობლემები თუ არ გამოსწორდება, საქართველოში ეს სფერო დაიღუპება

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვეტერანმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართულ ძიუდოში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. მან ძიუდოს ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ნეპოტიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ფედერაციაში ქევხიშვილს თავისი სამეგობრო ჰყავს დასაქმებული.
როგორც ზვიადაურმა აღნიშნა, დავით ქევხიშვილმა, საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი სხვა შემადგენლობით იმ არგუმენტით ჩაანაცვლა, რომ მას უკეთესი შედეგი სურდა, თუმცა თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ სრული კრახი განიცადა.
“ძიუდო ერთ-ერთი წამყვანი სპორტია საქართველოში, არასოდეს საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩენილი არ ყოფილა, ჩემი ინფორმაციით. როდესაც დავით ქევხიშვილი მოვიდა ძიუდოს ფედერაციაში, თავისი სამეგობრო დაასაქმა. სამწუხაროდ, მე წავაყენე მისი კანდიდატურა საპრეზიდენტოდ, კანადაში იყო და ჩამოვიყვანე. თავისი გუნდის მოყვანა რომ დაიწყო, პროტესტი გამოვთქვი, მაგრამ არ მომისმინა. ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოვიპოვეთ, მან ასეთი გუნდი ჩახსნა, იმ არგუმენტით, რომ უკეთესი შედეგი სურდა და შეცვალა მწვრთნელთა გუნდი (უზნაძის შემადგენლობა). სურდა მოეყვანა თავისი შემადგენლობა: ცირეკიძე, გუჯეჯიანი, ყიზილაშვილი და ა.შ და მოახერხა კიდეც. ქევხიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თელ-ავივის შედეგზე, რადგან სწორედ ის ამბობდა, რომ სამწრთვნელო გუნდის შეცვლა უკეთესი შედეგის მიღებისთვის მოხდა. სინამდვილეში კი, შედეგი ნული მივიღეთ. არ ხდება ახალგაზრდების სწორად მომზადება, თანხები არ იხარჯება სწორი მიმართულებით და ახალ თაობას არ აქვს შესაძლებლობა, უფროს თაობასთან ჰქონდეს კონტაქტი უკეთესი გამოცდილებისთვის”,-განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.
მისივე თქმით, თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს კრახი დავით ქევხიშვილმა მწვრთნელებზე გადატეხა, როგორც ზვიადაურმა განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტმა თავად უნდა ინამუსოს და დატოვოს თანამდებობა.
სამომავლოდ თუ პრობლემები არ გამოსწორდება, ზურაბ ზვიადაური მიიჩნევს, რომ საქართველოში ძიუდოს სფერო დაიღუპება.
“ქევხიშვილმა და მისმა სამეგობრომ ბიზნესად გაიხადეს ძიუდოს სამყარო. მწვრთნელებზე გადატეხა მან ჯოხი, ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს კარგი მენეჯერი. თავადაც უნდა მიხვდეს, ინამუსოს, დაწეროს განცხადება და წავიდეს ფედერაციიდან, რადგან მან სრული კრახი მიიღო. მწვრთნელები ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას ქევხიშვილის გარეშე.
ეს არ არის ერთი დღის პრობლემა და დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. ვიღაცებს შეიძლება გონიათ, რომ ზვიადაურს უნდა პრეზიდენტობა, მაგრამ ეგრე რომ ყოფილიყო, ვიქნებოდი კიდეც. თუ შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება ამ პრობლემას, ძიუდო საქართველოში დაიღუპება. ბევრი ძიუდოისტი საუბრობს ამაზე და პირდაპირაც ეუბნებიან, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის”,- განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები